მერია მოსწავლეებს სპორტულ წრეებს უფინანსებს

2021-05-14 13:28:40

თბილისის მერია სოციალურად დაუცველ სკოლის მოსწავლეებს სპორტულ წრეებზე ჩართვას უფინანსებს.

პროგრამის მოკლე მიმოხილვა, რომლის საშუალებით დაინტერესების შემთხვევაში არასრულწლოვნების სპორტსკოლებში მიყვანას შეძლებთ.

პროგრამის დასახელება – სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სპორტულ სკოლებსა და საცურაო აუზებზე სწავლების დაფინანსება.

რას მოიცავს პროგრამა?

პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოზარდების ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებული მოსწავლეების სპორტულ სკოლებსა და საცურაო აუზებში სწავლების დაფინანსებას, ერთი სახეობის არჩევის უფლებით.

პროგრამის მოსარგებლეები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თბილისის მუნიციპალიტეტში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები.

რას მოიცავს პროგრამა?

დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში განისაზღვრება წრეების მიხედვით:

ფეხბურთი – 50 ლარი
ტანვარჯიში – 35 ლარი
ცურვა – 70 ლარი
სხვა სახეობები – 30 ლარი

როგორ უნდა ჩაერთოს მოზარდი ამ პროგრამაში?

მომსახურების მიღება ხორციელდება სპორტული სკოლისთვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე. საცურაო აუზების შემთხვევაში, საცურაო აუზის ადმინისტრაციისადმი მიმართვით ან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ქვეპროგრამაში რეგისტრაციისათვის შექმნილი სპეციალური სისტემის საშუალებით : (https://my.tbilisi.gov.ge/#/guest/login) , რომელშიც ბენეფიციარი ქმნის საკუთარ გვერდს. აღნიშნულ გვერდზე ბენეფიციარს აქვს საშუალება იხილოს ინფორმაცია მიმდინარე ეტაპზე პროგრამაში ჩართული ყველა საცურაო აუზის შესახებ და ირჩევს სასურველ აუზს.