ყველაზე პრესტიჟული სკოლები რუსთავში

2021-05-15 00:40:52

საჯარო სკოლებში 2021-2022 სასწავლო წლის პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო. რეგისტრაცია 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, თუმცა რუსთავის რამდენიმე სკოლაში ადგილები უკვე სრულად შეივსო.

"ინფო რუსთავი" გთავაზობთ იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალს, რომლებშიც პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპზე ადგილები ყველაზე მოკლე დროში შეივსო.

ახალი სასწავლო წლისათვის 150 მისაღები ადგილი იყო გამოცხადებული რუსთავის N5 საჯარო სკოლაში, თუმცა აქედან მხოლოდ 56 ადგილი იყო დარჩენილი მესამე ეტაპზე, რომელიც სკოლის დირექტორის, თამარ გოგოძის განცხადებით, 2 წუთში შეივსო.

წელს, რუსთავის N4 საჯარო სკოლაში პირველკლასელთათვის, საერთო ჯამში, 125 ადგილი იყო თავისუფალი. სკოლის დირექტორის, მამუკა ხამხაძის განცხადებით, რეგისტრაციის საბოლოო ეტაპისთვის დარჩენილ 30 თავისუფალ ადგილზე, პირველკლასელები 2 წუთზე ნაკლებ დროში დარეგისტრირდნენ.

ჯამში, 100 თავისუფალი ადგილი ჰქონდა რუსთავის N24 საჯარო სკოლას, მესამე ეტაპისთვის კი, რეგისტრაცია 16 ბავშვზე იყო გამოცხადებული. სკოლის დირექტორის, მანანა გოგოლაძის თქმით, თავისუფალი ადგილები რეგისტრაციის დაწყებიდან რამდენიმე წამში სრულად შეივსო.

75 თავისუფალი ადგილი იყო N2 საჯარო სკოლაში. დირექტორის, ლალი ნაზღაიძის განცხადებით, საბოლოო ეტაპზე სკოლას 33 პირველკლასელის მიღება შეეძლო. მისივე თქმით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში თავისუფალი ადგილები, დაახლოებით, 1 წუთში აღარ იყო.

75 პირველკლასელის მიღება შეეძლო წელს N11 საჯარო სკოლასაც. დირექტორის, გია შეყილაძის თქმით, მესამე ეტაპზე 38 ბავშვის დარეგისტრირება იყო შესაძლებელი და ადგილების შევსებას სკოლაში 1 წუთიც არ დასჭირვებია.

ყველაზე მეტი, 175 ადგილი ჰქდონა პირველკლასელთათვის გამოცხადებული N21 საჯარო სკოლას, საიდანაც ბოლო ეტაპზე 94 ადგილი იყო დარჩენილი, რომელიც სკოლის დირექტორის, ნინო გავაშელის თქმით, ძალიან მალე შეივსო.

50 თავისუფალი ადგილი იყო N28 საჯარო სკოლაში, საიდანაც რეგისტრაციის საბოლოო ეტაპისთვის დარჩენილი იყო - 15. დირექტორის, ნათია ბაზანაშვილის განცხადებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში თავისუფალი ადგილები, დაახლოებით, 1 წუთში შეივსო.

ჯამში, 50-ის, საბოლოო ეტაპზე კი, 25 პირველკლასელის მიღება შეეძლო ახალი სასწავლო წლისთვის N26 საჯარო სკოლას. სკოლის დირექტორის, ბესო მოსულიშვილის თქმით, ასევე ძალიან მალე შეივსო თავისუფალი ადგილები აღნიშნულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაშიც.

პირველკლასელთათვის 75 ადგილი ჰქონდა N10 საჯარო სკოლას, რეგისტრაციის საბოლოო ეტაპზე კი, 43 იყო დარჩენილი. სკოლის დირექტორის, მანანა ფიროსმანაშვილის განცხადებით, თავისუფალი ადგილები რეგისტრაციის დაწყებიდან 3-4 წუთში სკოლაში აღარ იყო.

ასევე რამდენიმე წუთში სრულად შეივსო N15 საჯარო სკოლაში დარჩენილი 33 ადგილიც. დირექტორის, ბელა მარტიაშვილის განცხადებით, ჯამში, ახალი სასწავლო წლისთვის, სკოლას 100 პირველკლასელის მიღება შეეძლო.

თავისუფალი ადგილები სრულადაა შევსებული რუსთავის N7 და N16 საჯარო სკოლებშიც, თუმცა "ინფო რუსთავმა" აღნიშნული ზოგდსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებთან დაკავშირება ვერ შეძლო.

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო საბუთების წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. მშობლებს საშუალება ექნებათ საბუთები სკოლაში წარადგინონ პირადად ან ელექტრონული ფორმით, ისე როგორც სკოლა გადაწყვეტს.

სკოლაში წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი ასეთია: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება (სპეციალურ ფორმას გადმოგცემთ სკოლა), მშობლების პირადობის მოწმობების ასლები, მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი. მომდევნო ეტაპზე სკოლაში აუცილებელი იქნება ბავშვის ჯანმრთელობის ცნობის წარდგენაც.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები