როდის მოიხსნება ე.წ. კომენდანტის საათი

2021-05-11 11:53:36

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ამ ეტაპზე ისევ ძალაში რჩება.

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ გააკეთა.

"ამ ეტაპზე ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-დან 05:00-საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ტენდენციებს და როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა",- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გადაადგილებაზე შეზღუდვა შესაძლოა მაისი ბოლოს მოიხსნას.

"დღეს ჩვენ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ კომენდანტის საათის გადავადებაზე ვიფიქროთ. გვესმის ეს სირთულეები, არის ამაზე მსჯელობა. როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს, ვიქრობ, მაისის ბოლოსკენ, როცა პროგნოზულად ის პიკი, რაც ახლა გვაქვს მაისის მეორე ნახევარში უნდა შემსუბუქდეს, იმედი მაქვს, ეს მომენტიც დადგება შემდეგ უკვე გადავხედოთ ამ გადაწყვეტილებას",- განაცხადა თამარ გაბუნიამ.