ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა

2021-05-10 18:18:28

ნიკა მელია თავისუფალია. თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს მოთხოვნის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ოპოზიციის ლიდერი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

"გათავისუფლებას ვუსურვებ ყველა პოლიტპატიმარს და პატიმარს, განურჩევლად იმისა, რა სასჯელს იხდიან, ცხოვრებაში შეცდომა ყველას მოხდის, ადრე თუ გვიან გათავისუფლებას ვუსურვებ და საკუთარ ოჯახებში დაბრუნებას, მიუხედავად იმისა პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებული თუ არა, თუმცა ამ ციხეში, რომელშიც მე გახლდით, ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმრებია და მათ ვუსურვებ გათავისუფლებას...

ასევე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ. ყველა გულშემატკივარს. ვინც გულშემატკივრობდა ქვეყანაში სტაბილურობას... მადლობა და ხაზგაგასმელია ევროკავშირის წარმომადგენელი ელჩის კარლ ჰარცელის ღვაწლი და მონდომება, ძალისხმევა ამ პროცესში.. მადლობას ვუხდი მას, როგორც ადამიანს, ამას აქვს მიზეზები რატომაც ხაზს ვუსვამ... მადლობა ეკუთვნის პრეზიდენტ მიშელსაც იმ კონტრიბუციისთვის, რომელიც შეაქვს ამ მნიშვნელოვან პროცესში.

თუმცა განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჟიგიმანტას პავილიონისს. ეს არის ადამიანი ლიეტუვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე რომელმაც გადაჭარბების გარეშე გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება და მაშინ როდესაც ყველაზე მეტად მიჭირდა, ჩამოვიდა საქართველოში და მოვიდა ენმ-ს ცენტრალურ ოფისში სოლიდარობის გამოსაცხადებლად და ამის შემდეგ უზარმაზარი შრომა გასწია საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია რომ ყოფილიყო. რომ არა პავილიონისი, არამგონია ეს შედეგი დამდგარიყო...

სამი თვის განმავლობაში რასაც მე თვალყურს ვადევნებდი ციხის საკნიდან, თვალშისაცემი გახდა ერთი მთავარი დეფექტი ამ რეჟიმისა, ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რაც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, ეს არის მკვეთრი პოლიტიკური ნიშნით საზოგადოების დაყოფა და რადიკალიზაცია. ეს არის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა...

პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით გაიმართება ძალიან მჭირდო კონსულტაციები პარტიაში, მეგობრებთან", განაცხადა რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ ნიკა მელიამ.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს რუსთავის ციხესთან, ოპოზიციური პარტიის წევრები, მხარდამჭერები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

ცნობისთვის, ნიკა მელიას გირაო - 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს ჩარიცხა, პროკურატურამ კი აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს გუშინ, 9 მაისს მიმართა.