ამირან გამყრელიძე პირდაპირ ეთერში აიცრა

2021-05-04 11:19:15

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა.

აცრა გამყრელიძემ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაიტარა.

„სიმბოლურია, რომ დღეს პირველად ვიცრები ახალი ვაქცინით. მესამე ვაქცინაა, რომელიც ინერგება ქვეყანაში. მოგეხსენებათ, 15 მარტს დაიწყო ვაქცინაციის პროცესი ქვეყნაში, დავიწყეთ „ასტრაზენეკათი“, შემდეგ განვითარდა „ფაიზერით“.  ასევე დღეიდან დაიწყო აცრა ჩინური წარმოების ვაქცინით, „სინოფარმით“, რომელიც საკმაოდ აპრობირებული ვაქცინაა. ამ ვაქცინით აცრები 45 ქვეყანაში მიმდინარეობს. ის ეგრეთ წოდებული, ტრადიციული ტექნოლოგიით არის დამზადებული, რასაც თქვენ, ყველანი მიჩვეული ხართ. ბევრს ამ ტექნოლოგიით გაკეთებული გაქვთ აცრები ბავშვობის პერიოდში. ეს არის ეგრეთ წოდებულ ინაქტირებულ ვირუსზე დამყარებული ვაქცინა, რომლის 200 მილიონი დოზა უკვე არის ადმინისტრირებული ჩინეთსა და მთელ მსოფლიოში. მოგეხსენებათ, ჩვენთან აპრილში შემოვიდა 100 ათასი დოზა და დღეიდან იწყება აცრები. სიმბოლურია, რომ აცრა ჩავიტარე ჩემს ალმამატერში, ამ საავადმყოფოში. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ექიმს, რომელიც აქ მუშაობს, მათთან ერთად გავიზარდე, ჩამოვყალიბდი ექიმად, მეცნიერად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია საქართველოში 27 აპრილიდან იყო შესაძლებელი. „სინოფარმით“ იმუნიზაციის პროცესი კი დღეიდან იწყება.

RUSTAVI