რუსთავში გაფიცულ თანამშრომლებს ქალაქის მერი შეხვდა [photo]

2021-04-30 13:09:48

“რუსთავის აზოტის” გაფიცულ თანამშრომლებს ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა შეხვდა.

თანამშრომლებისგან შემდგარ 10 კაციან საინიციატივო ჯგუფსა და ირაკლი ტაბაღუას შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

როგორც აქციის მონაწილეებმა შეხვედრის დატოვების შემდეგ განაცხადეს, მერს გააცნეს თავიანთი პოზიციები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ითხოვენ ხელფასების 50%-იან ზრდას, რამდენად გონივრულია ანაზღაურების ამ თანხით მომატების მოთხოვნა და გარდა ამისა, მერს განუმარტეს, თუ რატომ მოხდა საწარმოს გაჩერება.

გაფიცული თანამშრომლების თქმით, საწარმოს ადმინისტრაციის მხრიდან იმაზე აპელირება, რომ ქარხნის გაჩერებამ მათ ზარალი მოუტანა, არასწორია. თანამშრომლების თქმით, საწარმო სწორედ იმიტომ გააჩერდა, რომ ხელმძღვანელი პირები მათთან დიალოგზე არ წამოვიდნენ.

ირაკლი ტაბაღუა შეხვედრის დასრულების შემდეგ “რუსთავის აზოტში” ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შესახვედრად შევიდა.

შესვლამდე მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ პროცესი სამუშაო ფორმატში უნდა გაგრძელდეს.

ირაკლი ტაბაღუა კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა ის მედიატორის როლში არსებულ მოლაპარაკებებში, პასუხობს, რომ აღნიშნულ მოლაპარაკებებში უკვე ჩართულია.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები