რა უნდა გაითვალისწინონ მძღოლებმა

2021-04-29 11:25:36

მძღოლი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ძველი სანომრე ნიშნით გადაადგილდება 250 ლარით დაჯარიმდება.

შსს-ს ცნობით, ამ თანხით, მძღოლები იმდენჯერ დაჯარიმდებიან, რამდენჯერაც ძველი სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილით იმოძრავებენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ჯერ კიდევ 2014 წლიდან დაიწყო ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების გაცემა და მაშინვე გამოცხადდა ნომრების შეცვლის ბოლო ვადა - კონკრეტული თარიღი 2020 წლის სექტემბერი, თუმცა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, ეს ექვსწლიანი ვადა გახანგრძლივდა და მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით განისაზღვრა.

ვინაიდან, ქვეყნის მასშტაბით, მიმოქცევაში დარჩენილი იყო დიდი რაოდენობით ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი, მომსახურების სააგენტომ არაერთხელ მოუწოდა შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს, დროულად მიემართათ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისთვის. მომსახურების სააგენტოს მიერ, ასევე, არაერთხელ მოხდა, საზოგადოების ინფორმირება, რომ ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მოყვანა და დათვალიერება.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტავთ, რომ ძველ სანომრე ნიშნებს იურიდიული ძალა უწყდებათ 2021 წლის 1 აპრილიდან, თუმცა ნებისმიერ მოქალაქეს აღნიშნული თარიღის შემდეგაც კვლავ შეუძლია კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები შეცვალოს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში, სატრანსპორტო საშუალების მოყვანის და დათვალიერების გარეშე.

აქვე საყურადღებოა, რომ 1-ლი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნით ავტომობილის გადაადგილება იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და მფლობელი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება"- აღნიშნულია მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.