კახი კავსაძე გარდაიცვალა

2021-04-27 13:27:36

86 წლის ასაკში მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა. ის ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული.

კავსაძეს კორონავირუსი 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმე კვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ საჭირო გახდა.

კახი კავსაძე 1935 წელს დაიბადა. მან დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1959 წელს იგი გახდა რუსთაველის თეატრის მსახიობი.

მსახიობმა ითამაშა ისეთი ცნობილი როლები, როგორებიცაა: ილიკო “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, თავადი კოწია “გუშინდელნი“, დევდარიანი “საბრალდებო დასკვნა“, სიმონ ჩაჩავა  “კავკასიური ცარცის წრე”, ლორდ ჰასტინგსი “რიჩარდ III“ , კენტი “მეფე ლირი“ “, რასპუტინი “კვაჭი კვაჭანტირაძე“ , ბატონი დევი  “მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“.

კინოში კახი კავსაძის დებიუტი 50-იან წლებში შედგა. მან ქართულ კინოში 80-ზე მეტი დასამახსოვრებელი ეკრანული სახე შემქნა.