"სოლიდარობა რიონის მცველებს" [photo]

2021-04-24 19:19:07

"რუსთავის სოლიდარობა რიონის ხეობის მცველებს" - ამ ლოზუნგით რუსთავში საპროტესტო აქცია გაიმართა.

სამოქალაქო აქტივისტებმა და რიგითმა მოქალაქეებმა ნამოხვანჰესის მშენებლობა გააპროტესტეს და რიონის ხეობის მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადეს.

აქციის მონაწილეებმა გმირთა მემორიალიდან შარტავას გამზირამდე საფეხმავლო და საავტომობილო მსვლელობა მოაწყვეს.

მოქალაქეები სკანდირებდნენ "სოლიდარობა რიონის ხეობის მოსახლეობას", "ქართული მიწა არ იყიდება". პროტესტანტებს ეჭირათ საქართველოს დროშები და ბანერები წარწერებით "დაიცავი რიონის ხეობა", "ეკოლოგია უალტერნატივოა", "რუსთავი მეგობრობის ქალაქი".

საავტომობილო მსვლელობის მონაწილეები საკუთარ პროტესტს ხმოვანი სიგნალებით გამოხატავდნენ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი 23 მაისს, რიონის ხეობის მცველების მიერ თბილისში დაგეგმილ ფართომასშტაბიან აქციას შეუერთდებიან.

ინფორმაციისთვის, რიონის ხეობის მცველებს სოლიდარობა დღეს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გამოუცხადეს. ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციების გამართვას სწორედ სხვადასხვა ქალაქში აანონსებდნენ.

შეგახსენებთ, რიონის ხეობის მცველები მთავრობასთან დიალოგის დასაწყებად სამი მოთხოვნის შესრულებას მოითხოვდნენ, ესენი იყო: სოფელ გუმათში ე.წ. ბლოკპოსტის გაუქმება და გზის გახსნა, სოფელ ნამოხვანში დაბრუნება და იქ კარვების გაშლის უფლება, კომპანია „ენკას“ მიერ ჰესის მშენებლობის წინამოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა.

მათი მოთხოვნების საპასუხოდ, დღეს მთავრობის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა. მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია, რომ ხეობის მცველების პირველი და მეორე მოთხოვნა ნაწილობრივ შესრულდება, ჰესის მშენებლობის წინამოსამზადებელი სამუშაოები კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

რიონის ხეობის მცველების შეფასებით, მთავრობამ მათ "დიალოგისთვის სივრცე არ დაუტოვა".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები