მთავრობამ "ნამოხვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნები არ შეასრულა, რის გამოც რიონის ხეობის მცველები აქციების გამართვის აქტიურ ფაზაში გადადიან.
როგორც მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, მთავრობის დღევანდელი განცხადება არ აკმაყოფილებს აქტივისტების მოთხოვნებს.
„დღეს იგეგმება 4 საათისთვის სხვადასხვა ქალაქში აქციები და უახლოესი დღევანდელი დღის გეგმა ეს არის. რაც შეეხება ჩვენს გრძელვადიან და ჩვენი აქციის თბილისში გადატანას, ვამბობთ, რომ ვაანონსებთ თარიღს – 23 მაისს. მაქსიმალურად გადავწიეთ ჩვენი ძირითადი აქციის ჩატარება დედაქალაქში და მოვემზადებით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. რა თქმა უნდა, აქაც გაგრძელდება პროტესტი სადაც ვართ. თან მოვემზადებით და 23 მაისს დავიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქალაქში“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
შეგახსენებთ რიონის ხეობის მცველები მთავრობასთან დიალოგის დასაწყებად სამი მოთხოვნის შესრულებას მოითხოვდნენ: ე.წ. ბლოკპოსტის გაუქმებასა და გზის გახსნას, სოფელ ნამოხვანში დაბრუნებისა და იქ კარვების გაშლის უფლებას, კომპანია „ენკას“ მიერ მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა.
მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია, რომ ხეობის მცველების პირველ და მეორე მოთხოვნას შეასრულებდნენ, ხოლო მოსამზადებელი სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.