"ჩვენ ყოველთვის უფრო რადიკალურები ვართ"

2021-04-23 15:56:33

"პანდემიამ დიდი ეკონომიკური ზარალი მოიტანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გასაგებია. მდიდარი ქვეყნები, ვისაც აქვთ, უძლებენ, ჩვენთან რთულია. ამიტომ, ახლა ჩვენ დანის პირზე მივდივართ. არც ეკონომიკა სრულად არ უნდა დავკეტოთ, როგორც შარშან და მეორეს მხრივ, ვაქცინაცია უნდა გავააქტიუროთ. ამიტომ, დამატებით შეზღუდვებზე აღარ არის ამ ეტაპზე საუბარი", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რუსთავში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სექტორი შესაძლოა იყოს მკაცრი შეზღუდვების მომხრე, თუმცა უწევს სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინება.

"მოგეხსენებათ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის პასუხისმგებლობაა ქვეყანაში ეპიდსიტუაციის მონიტორინგი და გარკვეული რეკომენდაციების შემუშავება. ჩვენ ამ შემთხვევაში, ყოველთვის უფრო რადიკალურები ვართ, მაგრამ იმიტომ არის მულტისექტორული საკოორდინაციო საბჭო, რომ იქ სასწორზე იწონება ყველაფერი. იქ არის ეკონომიკური, ფინანსური ბლოკი და რა თქმა უნდა, მიიღება გადაწყვეტილება, რაც ქვეყნისთვის ამ ეტაპზე არის რეალური. მე შეიძლება მოვითხოვო რადიკალური, მაგრამ ამავე დროს, ვეთანხმები კონსესუსის წესით გადაწყვეტილებას. ჩვენს მეზობელ თურქეთს 7 საათიდან აქვს ღამის კარანტინი, იგივე აქვს ცენტრალური ევროპის ბევრ ქვეყანას, მაგრამ ისინი ეკონომიკურად ბევრად განვითარებული ქვეყნები არიან და უძლებენ.ზოგადი სიტუაცია, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამწუხაროდ, არ იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ დღეს ქვეყანაში ძლიერი და მკაცრი "ლოქდაუნი" გამოვაცხადოთ", - განაცხადა გამყრელიძემ.