“დაანგრიე კედელი” [photo]

2021-04-22 22:24:32

“დაანგირე კედელი” - ამ ლოზუნგით რუსთავში, ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის მსენებლობის საწინააღმდეგო აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

ამ ფორმით რუსთაველმა სამოქალაქო
აქტივისტებმა და რიგითმა მოქალაქეებმა “რიონის ხეობის მცველებს” მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.

პერფორმანსის ფარგლებში, აქციის მონაწილეებმა მოედანზე “კედელი” მიიტანეს და დაანგრიეს, რომელიც მათი თქმით, გუმათში პოლიციის მიერ აღმართული ბარიკადების სიმბოლო იყო. როგორც აქტივისტებმა აღნიშნეს, ბარიკადებიც ისევე უნდა “დაინგრეს”, როგორც მათ მიერ შექმნილი კედელი, რათა “რიონის ხეობის მცველები” პროტესტის ძველ ადგილს დაუბრუნდნენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გივი შანიძემ აღნიშნა, მუდმივი კომუნიკაცია აქვთ “რიონის ხეობის მცველებთან” და იზიარებენ მათი ყველა მოთხოვნის შინაარსს. გარდა ამისა, გივი შანიძის განცხადებით, თუ საჭირო გახდა ქალაქების პიკეტირება, როგორც ამას თავად “რიონის ხეობის მცველები” აანონსებენ, რუსთაველი სამოქალაქო აქტივისტები კანონის ფარგლებში პროტესტის ამ ფორმას შეუერთდებიან.

აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეები თავდაპირველად რაგბის სტადიონის მიმდებარედ შეიკრიბნენ და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ავტოკოლონებით მსვლელობა მოაწყვეს, ბოლოს კი, ცენტრალურ მოედანზე გადაინაცვლეს და ნამახვანჰესის მშნებლობა იქ გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ბანერები წარწერებით “ქართული მიწა არ იყოდება”.