ღამის საათებში დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა, ე.წ. კომენდანტის საათი, არ მოიხსნება.
ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი მუშაობენ მხოლოდ გატანის სერვისზე;
როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ და მივმართავთ რეკომენდაციით, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე;
ამასთან, მაქსიმალურად გამკაცრდება იზოლაციაში მყოფი პირების, მათი კონტაქტების და ქვეყანაში შემომსვლელების თვითიზოლაციის კონტროლი; ასევე - საზღვარზე შემოსული პირების პისიარ-კვლევის ჩატარების მონიტორინგი 72 საათის გასვლის შემდეგ;
საწარმოებში, სადაც გამოვლინდება შემთხვევები, მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომები და დამსაქმებელთა მაქსიმალური ჩართულობით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს აქტიური ტესტირება;
ეპიდვითარების გაუარესების გათვალისწინებით, ხანდაზმულ პირებს მივმართავთ რეკომენდაციით, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში;
კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება პირბადის სწორად მოხმარება და დისტანციის დაცვა, ასევე ხალხმრავალი შეკრებები, მათ შორის სოციალური ღონისძიებები, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია;
საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვან დადგენილი რეგულაციები, გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და უარი თქვან ხალხმრავალი შეკრებების ორგანიზებასა თუ მათში მონაწილეობაზე“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.