შარლ მიშელი შეთანხმებაზე

2021-04-20 18:30:40

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებას სიძლიერესა და გონივრულ მიდგომას უწოდებს.

ამის შესახებ შარლ მიშელმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

"ეს არ არის სისუსტე, ეს არის სიძლიერე და ეს არის ის გონივრული მიდგომა, რომელიც საჭირო იყო ამ ეტაპზე, ჩვენ ამ მომენტით უნდა ვისარგებლოთ, რათა პარლამენტში ერთად იმუშაოთ უკეთესი მომავლისთვის.

ეს არის ის რეფორმები, რაც საქართველოს სჭირდება, რაც უზრუნველყოფს თქვენი ხალხის უკეთეს მომავალს, რათა გაიხსნას გზა უფრო სიღრმისეული თანამშრომლობისთვის ევროკავშირსა და საქართველოსთვის.

ევროკავშირი არის უძლიერესი პარტნიორი საქართველოსთვის ჩვენ გვაქვს საერთო ფასეულობები და ინტერესები დემოკრატიის და რეფორმების განხორციელების მიმართებით. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და არსებული პანდემიის პირობებში ეკონომიკური რეფორმების ფარგლებში ევროკავშირი 400 მილიონი ევროთი ეხმარება ქვეყანას და გამოხატავს უძლიერეს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, ეს თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში აქტუალურია.

მე გარწმუნებთ, რომ ყველა ეს წარმატება იქნება მიღწეული ერთობლივად დემოკრატიის სიძლიერის, კეთილდღეობის მიზნით და გისურვებთ, სიძლიერეს ევროპის მეგობრების რანგში. ეს ნდობა არის უცილობლად მნიშვნელოვანი, ისეთი მნიშვნელოვანი როგორც არასდროს," - განაცხადა შარლ მიშელმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და მის სპეციალურ წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს მედიაციის პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ შეთანხმება, რომელიც "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შედგა, არის წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს იმ მთავარ გამოწვევებთან გამკლავებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას.