ინფრასტრუქტურული პროექტები რუსთავში [photo]

2021-04-15 19:05:18

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე და ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ.

მაჟორიტარმა დეპუტატმა და მერმა, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 21 მიკრორაიონში და ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს.

ასევე, ლაცაბიძე და ტაბაღუა ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე, კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაციის პროცესიც მოინახულეს.

როგორც ტაბაღუამ აღნიშნა, მიმდინარე წელს, რუსთავში 52 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

"ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით, რუსთავში მიმდინარეობს 52 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 17 მილიონ ლარამდეა. აქ შედის, როგორც ცალკე ინდივიდუალური კოპრუსების ბინათმშენებლობის ამხანაგობების დაფინანსების ნაწილი, ასევე ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის. მინდა სიამაყით ვთქვა, რომ ძირითადად საუბარია მსხვილმასშტაბიან პროექტებზე", - განაცხადა ტაბაღუამ.

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო ლაცაბიძის თქმით, აქტიურად იქნება ჩართული მიმდინარე პროექტების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობაში.

"მინდა, თითოეულმა რუსთაველმა იცოდეს, დღეს ჩვენს ქალაქში რა კეთდება. მხოლოდ იმ 5 პროექტის საერთო ღირებულება, რომელიც დღეს მე და ქალაქის მერმა შემოვიარეთ, 4 მილიონ ლარზე მეტია. ეს პროექტები ფინანსდება როგორც მუნიციპალური ბიუჯეტიდან, ასევე სამინისტრო აქტიურად არის ჩართული. კეთდება საქალაქო სკვერები, ასევე საუბნო რეკრეაციული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მაგრამ მხოლოდ ამ პროექტებზე არ არის საუბარი, არის კიდევ სხვა მრავალი პროექტი, რომელიც დღეს, რუსთავში ძალიან აქტიურ ფაზაშია. მუდმივად ვიქნები ჩართული, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას იმის შესახებ, რა კეთდება ჩვენს ქალაქში", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია, ივლისში უნდა დასრულდეს, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 654 439 ლარია, თეატრის უკან მდებარე სკვერის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 1 673 572 ლარია და ტენდერის პირობების თანახმად, სამუშაოები აგვისტოში დასრულდება, რაც შეეხება 21-ე მიკრო რაიონში შიდა ეზოს სკვერის მოწყობის სამუშაოებს, პროექტის დასრულების ვადად მაისის თვეა განსაზღვრული, ღირებულება კი, 339 800 ლარია.

რაც შეეხება სადარბაზოების რეაბილიტაციას, ამ დროისთვის სარემონტო სამუშაოები რუსთავში არსებული 12 კორპუსის სადარბაზოში მიმდინარეობს. მერის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი საბინაო ამხანაგობების 10%-იანი თანადაფინანსებით ხორციელდება.