"კანონი თუ ირღვევა, შესაბამისმა სამსახურებმა პასუხი უნდა გასცენ"

2021-04-04 13:28:58

"კანონი თუ ირღვევა, შესაბამისმა სამსახურებმა პასუხი უნდა გასცენ",- ასე შეაფასა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა და პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა, ნინო ლაცაბიძემ რიონის ხეობაში საპოლიციო ძალების მობილიზება.

დეპუტატის განცხადებით, რიონის ხეობის მცველებს ეკონომიკის და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრებთან შეხვედრის დროს არ ჰქონდათ მზაობა, რომ არსებულ კითხვებზე პასუხები მოესმინათ.

"ერთი საკომიტეტო განხილვა გვქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით. მოწვეულები იყვნენ დარგის სპეციალისტები, აქტივისტები და ყველა ადამიანი, ვისაც ამ საკითხზე ჰქონდა ინტერესი გამოხატული. ჩვენ ასევე მოვიწვიეთ სამინისტრო და კომიტეტის ფარგლებში გვაინტერესებდა იმ კითხვებზე პასუხი მოგვესმინა, რაც აქვს მოსახლეობას რეალურად. ამის შემდეგ გაგრძელდა შეხვედრები და სამინისტრო უშუალოდ ადგილზე იყო ჩასული და იქ ისაუბრეს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე.

იქაც, აქტივისტები იმდენად არ იყვნენ მოწადინებულები, რომ პასუხები მოესმინათ, მათ პოზიციას აფიქსირებდნენ. ვფიქრობ, მათი მხრიდან არ იყო მზაობა სამუშაო ფორმატზე",- განუცხადა ნინო ლაცაბიძემ "ინფო რუსთავს".

დეპუტატის თქმით, პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვას ემხრობა, თუმცა პროტესტი არ უნდა სცდებოდეს კანონის ფარგლებს.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობაში, გუმათის დასახლებაში "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას მართავენ, ადგილზე მობილიზებულია ასეულობით სამართალდამცავი, სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლი.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები