კიდევ ვინ ისარგებლებს მგზავრობაზე საშეღავათო ტარიფით რუსთავში

2021-03-24 19:15:01

რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის დროს საშეღავათო ტარიფით მოსარგებლეთა რიცხვი გაიზარდა.

როგორც "ინფო რუსთავს" მერიის აპარატის ხელმძღვანელმა ნინო ნიკოლავამ განუცხადა, დამატებით საშეღავათო ტარიფით ისარგებლებენ მარტოხელა მშობლების სტატუსის მქონე პირები, მრავალშვილიანი ოჯახები, რუსთავის საპატიო მოქალაქეები და 2 მუნიციპალური ა.ა.ი.პ-ის, აკაკი მორჩილის სახელობის მოხუცთა თავშესაფარისა და ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის, თანამშრომლები.

ნიკოლავას თქმით, გაიზარდა შშმ პირთა წრეც, რომლებიც საშეღავათო ტარიფით ისარგებლებენ.

10 თეთრი იქნება მგზავრობის ღირებულება ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, გარდა მნიშვნელოვნად გამოხატული სმენა დაქვეითებული და უსინათლო პირებისა, რომლებიც მგზავრობის უფასო ტარიფით სარგებლობენ.

მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებისთვისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის მგზავრობის ღირებულება 10 თეთრი იქნება, ხოლო ახლად დამატებული დანარჩენი კატეგორიებისთვის 20 თეთრი.

საერთო ჯამში ტრანსპორტზე საშეღავათო ტარიფი დამატებით 500-მდე ადამიანზე დაწესდა.

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები