ვის ექნება ნებართვა მგზავრის გადაყვანაზე

2017-07-06 14:32:50

მომავალი წლიდან ტაქსის მძღოლებს ახალი რეგულაციები დაუწესდებათ. ამ საკითხზე "ინფო რუსთავთან" თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ ისაუბრა. მისი თქმით, მძღოლს მანქანაში აუცილებლად ექნება საინფორმაციო ტაბლო. ტაბლოზე მითითებული იქნება ინფორმაცია, რისი საშუალებითაც მოხდება მძღოლის იდენტიფიცირება. ეს ინფორმაციაა მძღოლის საკონტაქტო ტელეფონი და მონაცემები. ასეთი ტაბლო იქნება იმის ნიშანი, რომ მძღოლს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისგან მიღებული აქვს ნებართვა განახორციელოს ეს საქმიანობა. ნებართვის ქონა კი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მძღოლს აქვს ჯანმრთელობის ცნობა, მანქანას კი ტესტირება აქვს გავლილი.

რეგულაციები დაწესდება მინი ვენებზეც. კერძოდ, მინი ვენები, რომლებსაც არ ექნებათ შესაბამისი ნებართვა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისგან, დედაქალაქში ვერ იმოძრავებენ.