შენს სათქმელს "ამიტიე" იტყვის [photo]

2021-03-14 20:34:16

"ამიტიეს" შეუძლია შენი სათქმელი თქვას. 

რუსთავში დაბადებული მცირე ბიზნესის მთავარი იარაღი წერაა.

ახალგაზრდა მეგობრების მიერ შექმნილი სტარტაპის განსაკუთრებულობა სიმარტივეშია.

უნარი, სხვისი სათქმელი განსხვავებულად გადმოსცე და აქციო ჩანაწერად, ბრენდის შექმნის ერთგვარ იდეადაც იქცა.

ბარათები ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის - ესაა ის, რასაც "ამიტიე" ქმნის და ისტორიებს მათ მომხმარებლებსა და ბარათების ადრესატებზეც სწორედ ამ ფორმით ყვება.

სტარტაპის უკან ორი რუსთაველი ახალგაზრდა, ანი ჯვარიძე და ნატალი ოქროპირიძე დგანან.

გოგონები "ინფო რუსთავს" "ამიტიეზე" თავად უყვებიან.

როდის და საიდან გაჩნდა “ამიტიეს“ შექმნის იდეა?

დიდი ხნის განმავლობაში ვგეგმავდით საკუთარი ბიზნესის წამოწყებას, თუმცა ამ იდეის სისრულეში მოყვანას საკმაო დრო დასჭირდა. ორივეს ძალიან გვიყვარს წერა და გადავწყვიტეთ, ჩვენი საყვარელი საქმე ბიზნესად გვექცია. ჩვენმა იდეამ სახეცვლილება რამდენჯერმე განიცადა და საბოლოო სახით მაშინ ჩამოყალიბდა, როცა რამდენიმე თვიანი ჩაკეტილობის შემდეგ იანვრის დასაწყისში ქალაქგარეთ გავედით. ალბათ, სადღესასწაულო განწყობამ და გარემომ თავისებური გავლენა იქონია ფიქრის პროცესზე.  აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ „ამიტიეს“ იდეის დაბადების პროცესშივე მარტივად შევთანხმდით ძირეულ საკითხებზე და, შეიძლება ითქვას, რომ ყოველი შემდგომი იდეა თავისთავად, ლაპარაკის, საუბრის შედეგად და ყოველგვარი კამათის გარეშე დაიბადა.

კონკრეტულად რა პროდუქციას სთავაზობს „ამიტიე“ მომხმარებელს?


ჩვენ ვამზადებთ ბარათებს, რომლებიც, როგორც თავისი დიზაინითა და შეფუთვით, ისე შინაარსით, განსაკუთრებული და კონკრეტულ ადამიანზე მორგებულია.

„ამიტიეს“ ბარათი შეგიძლიათ აჩუქოთ ნებისმიერ ადამიანს, იქნება ეს მეგობარი, შეყვარებული, ოჯახის წევრი თუ ვინმე სხვა. მომხმარებელი გვიყვება განსაკუთრებულ და გამორჩეულ დეტალებს თავისი და თავისი საყვარელი ადამიანის ურთიერთობის შესახებ და ჩვენ ამ დეტალების დახმარებით ამბავს ვქმნით. რა საკვირველია, ყველა ამბავი რჩება კონფიდენციალურად და ინახება „ამიტიეს“ არქივში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მუდმივი კონტაქტი გვაქვს მომხმარებელთან და საჭიროებისამებრ, გარკვეულ დეტალებს ვათანხმებთ.

რა მასალას და ტექნიკას იყენებთ შეფუთვისა და ბარათების დასამზადებლად?


„ამიტიეს“ თითოეული შეფუთვას ვქმნით ხელით. ბარათების დასამზადებელად, ძირითადად, ვიყენებთ ტილოს ტექსტურის ქაღალდს, ფერად პრინტერს და დიზაინისთვის გამხმარ ყვავილებს. შესაძლოა, შეფუთვა შეიცავდეს დამატებით დეტალებს, რომლებიც დამოკიდებულია წერილის შინაარსზე. მთავარ ბარათთან ერთად ვდებთ პატარა მესიჯს, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს ახსენებს, რომ თითოეული მათგანი განსაკუთრებულია.

რა დრო სჭირდება „ამიტიეს“ ბარათების დამზადებას?


საშუალოდ „ამიტიეს“ ბარათი მომხმარებელს 3-5 დღეში მიეწოდება. ეს დამოკიდებულია შეკვეთის სპეციფიკასა და ლოკაციაზე.

როგორია თქვენი სამუშაო გარემო?


თითოეულ შეკვეთაზე ვმუშაობთ ერთად, რადგან ერთმანეთის ნააზრევი შთაგვაგონებს, რის შედეგადაც იქმნება თავისუფალი სამუშაო გარემო და შემოქმედებითი ატმოსფერო.

რა ეტაპზეა ამჟამად ბრენდი და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?


მიუხედავად იმისა, რომ „ამიტიე“ სულ ცოტა ხანია შეიქმნა, მან უკვე მოახერხა, დაემსახურებინა ადამიანების ინტერესი და მოწონება. რამდენიმე შეკვეთა უკვე გავაგზავნეთ, რამდენიმეზე ამჟამად ვმუშაობთ და ჩვენი ბრენდი ნელ-ნელა ეცნობა საზოგადოებას. უახლოეს მომავალში ვაპირებთ, რომ უფრო მრავალფეროვანი სერვისი შევთავაზოთ მომხმარებელს. ასევე, ვგეგმავთ, რომ ონლაინ პლატფორმიდან რეალურ სივრცეში გადავინაცვლოთ. „ამიტიესთან“ დაკავშირებულ ყველა სიახლეს მომხმარებელი ჩვენს ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე იხილავს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები