სოკარ გაზის გაფრთხილება მოსახლეობას

2021-03-12 15:40:20

სოკარ ჯორჯია გაზის აბონენტებმა დღეს კომპანიისგან მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღეს, სადაც წერია რომ:

"ბოლო 12 თვის განმავლობაში თქვენი მხრიდან 2-ჯერ მოხდა გადახდის ვადის დარღვევა. აღნიშნულის მესამედ განმეორების შემთხვევაში, კომპანიის მხრიდან მოხდება დეპოზიტის გადახდის მოთხოვნა, რომლის შეუსრულებლობის გამო შეგიწყდებათ გაზის მიწოდება"

მოსახლეობა საკითხის გარკვევის მიზნით ინფო რუსთავს დაუკავშირდა და აღნიშნული საკითხით დაინტერესება სთხოვა.

კომენტარისთვის ინფო რუსთავი სოკარ ჯორჯია გაზის ცხელ ხაზს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მოსახლეობამ არასწორად გამოგზავნილი შეტყობინებები მიიღო.

კომპანია ტექნიკური ხარვეზის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.