რუსთავში კოლეჯ მოდუსს ახალი დირექტორი ჰყავს

2021-03-03 22:03:07

რუსთავის პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსს'' ახალი დირექტორი ჰყავს.

ამ თანამდებობაზე კაკი კერვალიშვილი პავლე თვალიაშვილმა ჩაანაცვლა.

თვალიაშვილი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. მან საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" კოლეჯში განსახორციელებელ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმა რის გაკეთებასაც კოლეჯში აპირებთ?

საკმაოდ დიდი ხანია კოლეჯ "მოდუსის" საქმიანობაში ჩართული ვარ. ვიყავი საკოორდინაციო საბჭოს წევრი და აქტიურად ვიყავი ჩართული როგორც სტრატეგიულ დაგეგმარებაში, ასევე სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. ამიტომ რადიკალური ცვლილებები არა მაქვს დაგეგმილი. შესაბამისად, ჩემთვის ნაცნობია ის მიმართულებები, რასაც კოლეჯი აკეთებს. უახლოესი გეგმები რაც გვაქვს ეს არის ის, რომ მარნეულში ფილიალს ვხსნით და მიმდინარეობს მუშაობა გახსნასთან დაკავშირებით. ასევე მარნეულის თემთან დაკავშირებული პროგრამების ამუშავებას ვგეგმავთ.

რა ახალი სასწავლო პროგრამის დამატება მოხდება კოლეჯში?

რამდენიმე დღის წინ დამტკიცდა პროგრამა რუსთავში, ეს არის კულინარიის ხელოვნება. 30 ადამიანზე მოგვცეს ნება და ამ პროგრამის ამუშავება დაიწყება მალე.

არის თუ არა რაიმე პროფესია, რომელიც ჯერ არ ისწავლება კოლეჯში და გსურთ, რომ ისწავლებოდეს?

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოლეჯმა იმუშაოს 2 მიმართულებით. ერთი არის მოსახლეობისთვის საჭირო პროგრამების შემუშავება და მეორე არის ადგილობრივ ბაზარზე რა სამუშაო შეთავაზებებია. ამიტომ კოლეჯი აგრძელებს მუშაობას და თანამშრომლობას ადგილობრივ დამსაქმებლებთან, ჩვენ ვგეგმავთ დიდი შეხვედრები დიდ დამსაქმებლებთან, რომ კოლეჯში იყოს ისეთი პროგრამები, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე არის დეფიციტური და შესაბამისად მერე კოლეჯდამთავრებული დასაქმდეს.
ერთ-ერთი თემა, რაზეც ვმუშაობთ არის გიდების პროგრამა.
გვქონდა მოლაპარაკებები საქართველოს ტურიზმის ასოციაციასთან და გიდების ასოციაციასთან. გიდების ასოციაციასთან გვქონდა საუბარი, რომ რუსთავი შეიძლება არატურისტული მიმართულებაა, თუმცა როდესაც დავიწყეთ მოკვლევა აღმოჩნდა, რომ რუსთავში საკმაოდ ბევრი ადგილია ისეთი, რაც ტურისტულად შეიძლება საინტერესო იყოს როგორც თბილისელებისთვის, ასევე უცხოეთიდან შემოსული ტურისტებისთვის. პანდემიის შემდგომ გვინდა, რომ ვიმუშაოთ ამ საკითხზე, რადგან ქალაქში არიან გიდები, რომლებიც თბილისში მუშაობენ, ამიტომ ადგილზეც შეიძლება მოხდეს ამ ადამიანების გადამზადება.

აპირებთ თუ არა კოლეჯში წინა ხელმძღვანელის მიერ დაწყებული რეორგანიზაცია გააგრძელოთ?

ვფიქრობ, კოლეჯი მზაობას აჩვენებს, ნებისმიერი რეფორმა იქნება თუ ინიციატივები. გვაქვს რამდენიმე დაგეგმილი ერთერთი არის UNDP დახმარებით ჩვენთან შემოვა კონსულტაციებისა და ტრენინგის ცენტრი, რამდენიმე დღეში დავიწყებთ ამ პროექტსაც. მათთან ერთად იქნება შესწავლილი, თუ საჭიროება არის, რომ ჩატარდეს რეორგანიზაცია ჩატარდება, თუ არაა საჭირო მაშინ არა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები