"დაუშვებელია 100 მეტრის რადიუსში ამომრჩეველთა აღრიცხვა"

2021-03-03 17:27:56

“საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საბოლოო ვარიანტით, საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეულ წევრთა წილი იზრდება. ამასთან, საარჩევნო ბარიერი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რეგიონების შემთხვევაში 4%-დან 3%-მდე მცირდება, ხოლო თბილისში 2.5%-იანი ბარიერი იმოქმედებს.

პროექტის გათვალისწინებით, თვითმმართველ ქალაქებში ყოველ 1 მაჟორიტარ წევრზე 4 პროპორციული წესით არჩეული წევრი იქნება, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში - ყოველ 1 მაჟორიტარ წევრზე 2 პროპორციული წესით არჩეული წევრი.

ამასთან, ცვლილებების თანახმად, თბილისის საკრებულო შემადგენლობა განისაზღვრება 50 წევრისაგან, რომელთაგან 10 წევრი ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე აირჩევა, ხოლო 40 წევრი – პროპორციული წესით, თბილისის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე.

თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით მანდატები მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე განაწილდება, რომლებიც ხმების არანაკლებ 2.5%-ს მიიღებს.

საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში ადამიანთა შეკრება და ამომრჩეველთა აღრიცხვა, ასევე წინასაარჩევნო აგიტაციისათვის საჯარო მოხელეების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება იკრძალება.

გარდა ამისა, ფართოვდება იმ საჯარო მოხელეთა წრე, ვისაც წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება შეეზღუდება.

საარჩევნო კანონმდებლობაში საჯარო მოხელის ნაცვლად, მითითება საჯარო მოსამსახურეზე კეთდება. თავის მხრივ, საჯარო მოსამსახურე მოიცავს როგორც საჯარო მოხელეს, ასევე ადმინისტრაციული ხელშეკრულებითა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს. აღნიშნულ პირებს კი აეკრძალებათ, სამუშაო საათების განმავლობაში ან როდესაც უშუალოდ სამსახურებრივ უფლებამოსილებებს ასრულებენ, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და აგიტაციაში მონაწილეობა.

პროექტით, სამუშაო საათებში ან უშუალოდ სამსახურებრივ უფლებამოსილების შესრულებისას წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებს, აღმზრდელ-პედაგოგებს, მასწავლებლებს და აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებულ სხვა პირებს.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, დაუშვებელი ხდება, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. დაუშვებელია ასევე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით, დამატებით იკრძალება: საჯარო მოსამსახურეების, სსიპ-ის თანამშრომლების, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების დირექტორების, აღმზრდელ-პედაგოგების შეკრება სამსახურებრივი ნიშნით.

საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრირების და საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული დათვლის სისტემის დანერგავს ითვალისწინებს.

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადებული ცვლილებების თანახმად, ცესკო მუნიციპალიტეტის ორგანოთა მომდევნო არჩევნებში საარჩევნო უბანზე მოსულ ამომრჩეველთა რეგისტრაციას, ხმის მიცემას, ხმის დათვლისა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურებს ელექტრონული საშუალებებით განახორციელებს.

ასევე, ცესკო უზრუნველყოფს ყველა უბანზე მოსულ ამომრჩეველთა რეგისტრაციას ელექტორნული რეგისტრატორით და უზრუნველყოფს საარჩევნო ოლქების სულ მცირე იმდენ უბანში ელექტორნული მთვლელით ბიულეტენების დათვლას, რამდენიც საჭიროა ამ ოლქის სოციოლოგიურად ვალიდური შედეგების გამოსავლენად.

ელექტრონული საშუალებების გამოყენების წესი და პირობები ცესკოს დადგენილებით განისაზღვრება.

“საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, იზრდება გასაჩივრების ვადები.

კერძოდ, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს 4 კალენდარული დღის ვადაში იხილავს. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს 2 კალენდარული დღის ვადაში იხილავს. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. ცესკოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

ასევე, შესაძლებელი გახდება ცესკოს თავმჯდომარის, აგრეთვე ცესკოსგან უფლებამოსილი პირების (თანამდებობის პირების) მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების 2 კალენდარული დღის ვადაში გასაჩივრება სასამართლოში, რომელიც საჩივარს 10 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს.

იმის მიუხედავად, იქნება თუ არა საჩივარი, 73-ვე საარჩევნო ოლქში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდება და გადაითვლება 5-5 საარჩევნო უბანი. აღნიშნულ სიახლეს საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადდა.

პროექტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიას უფლებამოსილებად გაიწერება შემდეგი ვალდებულება: კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევის წესით კომისიის სხდომაზე გამოავლინოს 5 საარჩევნო უბანი, გახსნას ამ საარჩევნო უბნების კომისიებიდან მიღებული პაკეტები და ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები.

აღნიშნული, წარმოშობს ვალდებულებას გადათვლილ იქნეს უბნების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%. სავალდებულო 10%-ის გადათვლასთან ერთად, საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილი ხდება, განკარგულებით მიიღოს გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ.

საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა 7 წევრით განისაზღვრება, რომელთაც შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს, იმ პირობით, თუ მხარს დაუჭერს, მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეული 3 წევრი მაინც.

საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ასეთი წესი “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილბებით შემოდის, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადდა და ინიცირებისთვის პარლამენტს უკვე წარედგინა.

პოლიტიკური პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიაში დანიშნულ წარმომადგენელს ეძლევა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის განსაზღვრული შრომის ანაზღაურება, თუ არსებობს ერთ-ერთი პირობა: - პარტია ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული იყო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით და მიეკუთვნა პარლამენტის წევრის მანდატი; პარტიას ეკუთვნის საბიუჯეტო დაფინანსება და ჰყავს პარლამენტის სულ მცირე ერთი წევრი, რომელიც პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას ახორციელებს.

“საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საბოლოო ვარიანტით, ცესკოს და საოლქო კომისიების წევრთა რაოდენობა 17-მდე იზრდება და 8-პროფესიული და 9-პარტიული წევრის პრინციპით დაკომპლექტდება.

ცესკო შემადგენლობა 17 წევრისგან განისაზღვრება, რომელთა შორის არის ცესკოს თავმჯდომარე. ცესკოს 8 წევრს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი აირჩევს, ხოლო 9 წევრს პარტიები დანიშნავენ.

ამავე პროექტით, პროფესიული ნიშნით ცესკოს წევრობის 8 კანდიდატი ღია კონკურსის წესით შეირჩევა. პრეზიდენტი ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 30 დღისა, ხოლო ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 15 დღისა გამოსცემს განკარგულებას, კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ. საკონკურსო კომისია უნდა შედგებოდეს საქართველოში დარეგისტრირებული იმ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირების წარმომადგენლებისგან, რომლებსაც აქვთ არჩევნებზე დაკვირვების არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.

პროფესიული ნიშნით დანიშნული ცესკოს წევრების უფლებამოსილების ვადაა 5 წელი.

ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის მიერ არჩეულ ცესკოს წევრთაგან, პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს ცესკო სიითი შემადგენლობის ორი მესამედით, ფარული კენჭისყრით.

ცესკოს 9 წევრს პარტიები დანიშნავენ შემდეგ შემთხვევაში: - თუ პარტია ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული იყო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილოების მიზნით და მიეკუთვნა პარლამენტის წევრის მანდატი, თუ პარტიას ეკუთვნის საბიუჯეტო დაფინანსება და ჰყავს სულ მცირე ერთი წევრი მაინც, რომელიც ახორციელებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას.

რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებას, პროექტით შეთავაზებულია შემდეგი სიახლე: - საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა 17 წევრით განისაზღვრება, რომელთაგან 5 წევრს, 5 წლის ვადით ირჩევს ცესკო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო 9 წევრს, არჩევნების დანიშვნის შემდეგ, შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანებები ნიშნავენ. 3 წევრს კი, არჩევნების დანიშვნის შემდეგ, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ცესკო, შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.

პოლიტიკურ პარტიები, არჩევნების დანიშვნის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიის 9 წევრს, ნიშნავენ შემდეგ შემთხვევაში: - თუ პარტია ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული იყო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილოების მიზნით და მიეკუთვნა პარლამენტის წევრის მანდატი, თუ პარტიას ეკუთვნის საბიუჯეტო დაფინანსება და ჰყავს სულ მცირე ერთი წევრი მაინც, რომელიც ახორციელებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ პარტიას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, გარდა კენჭისყრის დღისა, გამოიწვიოს თავის მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი. ამის თაობაზე პარტიამ უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.

საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს შესაბამისი ვაკანსიის წარმოშობის შემდეგ, კომისიის პირველივე სხდომაზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის წევრთაგან ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა საოლქო საარჩევნო კომისიაში მისი წევრობის ვადით განისაზღვრება.