"ეს იყო პირველი საარჩევნო დაპირება"

2021-03-02 20:24:04

"ეს არის 1-ელი ნაბიჯი, ამით იმის ილუზია, რომ ხვალ რუსთავის საწარმოებიდან კვამლი აღარ ამოვა, არ უნდა გვქონდეს", - ასე აფასებს "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ" კანონის დამტკიცებას რუსთაველი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ალექსანდრე დალაქიშვილი.

დალაქიშვილის თქმით, ახლა აქტიური მუშაობა კანონის აღსრულების მექანიზმზე უნდა დაიწყოს. დეპუტატი იმედოვნებს, რომ ბიზნესი გაგებით შეხვდება ახალ რეალობას და მათთან ხელისუფლებას მხოლოდ სანქციებით საუბარი არ მოუწევს.

"მოკლე დროში, მაჟორიტარის აქტიური ჩართულობით, მოვახდინეთ კანონპროექტის ხელახლა მესამე მოსმენაზე ინიცირება. ეს არის 1-ელი ნაბიჯი, ამით იმის ილუზია, რომ ხვალ რუსთავის საწარმოებიდან კვამლი აღარ ამოვა, არ უნდა გვქონდეს. გასავლელია მთელი რიგი აღსრულების ეტაპები, პირველ რიგში, უნდა დაყენდეს მონიტორინგის სისტემები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბიზნესი გაგებით მოეკიდება ამ საკითხს და მათთან არ გვექნება მხოლოდ ჯარიმებით საუბარი. მათ მოუწევთ გარკვეული კაპიტალური დანახარჯების გაწევა, მოდერნიზაცია და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსვლა.

ჯარიმების რაოდენობა იყო მინიმალური აქამდე, ახლა ცვლილებებით სანქციების რაოდენობა გაზრდილია, ბიუროკრატია კი შემცირებულია და სახელმწიფოს გარემოს დამზიანებელთან უფრო მეტი ბერკეტი უჩნდება.

თვითმიზანი არ არის, რომ რომელიმე საწარმო გაჩერდეს, მათ სოციალური პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და მოუწევთ, კანონიც დაიცვან. მსხვილი საწარმოები უკვე ახორციელებენ გარკვეულ ცვლილებებს, დიდ საწარმოებს, ვფიქრობ, არ ექნებათ პრობლემა. შესაძლოა მცირე საწარმოებს გარკვეული გაფრთხილებები და დრო მიეცეთ კიდევ, ამას სამინისტრო განსაზღვრავს.

ბიზნესასოციაციას სურდა გადავადება, თუმცა დაპირება იყო მოსახლეობასთან, ისედაც დაგვიანებული და გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ არანაირი გადავადება არ მომხდარიყო.

ძალიან დიდი როლია სამოქალაქო აქტივისტების ამ საქმეში, მათი აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ მოვდუნდეთ. ასევე დიდი წვლილი მიუძღვის წინა მოწვევის პარლამენტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს", - განაცხადა ალექსანდრე დალაქიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პარლამენტმა "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ" კანონი მე-3 მოსმენით მიიღო.

 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები