"პროტესტი საწვავის ფასს" [photo]

2021-02-28 15:41:44

რუსთავში საპროტესტო აქცია "პროტესტი საწვავის ფასებს" გაიმართა.

საავტომობილო კოლონამ სვლა გმირთა მემორიალიდან დაიწყო, ხმოვანი სიგნალებით ძველი და ახალი რუსთავის ცენტრალური ქუჩები შემოიარეს. ავტომობილები დაბალი სიჩქარით გადაადგილდებოდნენ, რათა გზაზე მოძრაობა შეეფერხებინათ და საცობი შექმნლიყო.

აქციის მონაწილეებმა გზა ჯერ შარტავას გამზირზე შემდეგ კი თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე გადაკეტეს. ავტობანზე გზის ორივე მხარეს ერთი საათის განმავლობაში სრულად ბლოკირებული იყო საავტომობილო მიმოსვლა.

გზის გადაეკეტვამ უკმაყოფილება გამოიწვია მძღოლების ნაწილში, რის გამოც აქციის მონაწილეებთან სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

საპროტესტო აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი მივიდა, რომელმაც აქციის მონაწილეები მოლაპარაკების დაწყებაზე დაითანხმა.

შეხვედრას, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა, და მისი მოადგილე ბესიკ ტოგონიძეა ესწრებოდნენ.

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების მოთხოვნები მოისმინეს.

""ჩვენ შევთანხმდით, რომ გამოხატვის თავისუფლებაც უნდა იყოს გარკვეულ ჩარჩოებში და პროტესტი არ უნდა სცდებოდეს კანონის დარღვევას, არ უნდა უქმნიდეს დანარჩენ მოსახლეობას გადაადგილების შეზღუდვას. ძალიან ადეკვატური და კარგი ახალგაზრდები არიან. ჩვენ არასდროს არ გავურბივართ მოსახლეობასთან თავიანთი გამოწვევებიდან გამომდინარე შეხვედრებს.

არის ძალიან ფაქიზი და მგრძნობიარე თემა, რომელიც ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ არ არის ერთ ქვეყანაზე და ერთ ხელისუფლებაზე დამოკიდებული. ნავთობის ფასის ფორმირება არის მსოფლიოს პრობლემა. აქედან გამომდინარე, თუკი რამე შეიძლება მოიძებნოს რესურსი, რომ უმტკივნეულოდ დაბალანსდეს ფასი ჩვენ კიდევ ერთხელ გავივლით. თუმცა იყო საუბარი, რომ ჩამოყალიბებულია აქციზისა და დღგ-ს გადასახადი და შესაბამისად წლის ბიუჯეტი შემდგარია.

აქ დიდი მოლოდინები არ გვაქვს. ჩვენ ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან დეტალურად გავივლით, ეს არ არის მარტო ქვემო ქართლის პრობლემა. დღეს სხვადასხვა მხარეშიც იყო მსგავსი აქციები და თუკი არის ბერკეტი და მექანიზმი იმისა რომ დაბალანსდეს და შედარებით უფო უმტკივნეულოდ ჩამოყალიბდეს, ფორმირდეს საწვავის ფასი გვექნება დამატებითი ინფორმაცია და ამას გავუცვლით ერთმანეთს",- განაცხადა შოთა რეხვიაშვილი.

რეხვიაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება და საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის.

ქალაქის მასშტაბით პროტესტის უკიდურესი ფორმის ფარგლებში აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ბენზინ-გასამართ სადგურზე შესასვლელები ჩაკეტეს, რათა მძღოლებს საწვავის ჩასხმის საშუალება არ ჰქონოდათ.

საწვავზე გაზრდილი ფასი რუსთავის გარდა გააპროტესტეს თბილისში, თელავში, გორში და ბათუმშიც.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები