ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინის მიწოდების პროცესის შეფერხებაზე

2021-02-28 12:11:00

მომწოდებელი მხარეც ძალიან წუხს იმის გამო, რომ ვაქცინის მიწოდების პროცესი შეფერხდა. ისინიც არიან საკმაოდ დიდი ზეწოლის ქვეშ, ვინაიდან მხოლოდ ვაქცინის მიწოდება მხოლოდ საქართველოსთვის არ გადადებულა. დარწმუნებული ვარ, რომ მათი მონდომება და ჩვენი მაქსიმალური მზაობა ძალიან მალე კარგ შედეგს გამოიღებს, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ვაქცინა ქვეყანაში უახლოეს მომავალში შემოვა.

„დღეს, პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ქვეყნის წინაშე დგას ახალი პრიორიტეტები და მიზნები - ეს არის ვაქცინაცია და ვაქცინაციის გზით პანდემიის დამარცხება. ამ კუთხითაც უნდა ვაღიაროთ, რომ არის ძალიან დიდი გამოწვევა და ამ გამოწვევების წინაშე მხოლოდ საქართველო არ დგას. ეს გლობალური გამოწვევა, ვინაიდან როგორც ვირუსი იყო ახალი, ასევე ვირუსისთვის დამზადებული ვაქცინების უმრავლესობა წარმოადგენს ახალი ტექნოლოგიებით დამზადებულ ვაქცინას, რომლებიც საჭიროებენ სისტემის მნიშვნელოვან გადაწყობას. ზოგადად, ჯანდაცვის სისტემაში დღეს არის ვაქცინების საკმაოდ დიდი დეფიციტი, რის შედეგადაც სამწუხაროდ, საქართველოში ჯერჯერობით ვაქცინაცია არ არის დაწყებული, თუმცა ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული და გასული წლის ზაფხულის შემდეგ ჩვენ გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია და მოლაპარაკებები. გაერთიანებული ვართ ყველა შესაძლო პლატფორმაზე, რომლითაც შეიძლება სახელმწიფომ მიიღოს ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობა. ასევე გვაქვს მოლაპარაკება როგორც პარტნიორ სახელმწიფოებთან, ასევე მწარმოებლებთან, რაც უახლოეს მომავალში მოგვცემს საშუალებას, რომ წარმატებით დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი. ამ მიმართულებითაც აუცილებელად უნდა აღინიშნოს საქართველოს მზაობის კომპონენტი, ვინაიდან COVAX-პლატფორმაზე, როდესაც ჩვენ მივიღეთ თანხმობა ვაქცინის მოწოდებაზე, საქართველომ აჯობა არაერთ ქვეყანას მზაობის კომპონენტით და სწორედ ამიტომ მოგვეცა საშუალება, რომ COVAX-პლატფორმიდან ველოდოთ ვაქცინებს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება ვაქცინების ჩამონათვალს, პრიორიტეტულ ვაქცინებად სამინისტროს Pfizer-ი და AstraZeneca აქვს არჩეული, ვინაიდან მხოლოდ ეს ორი ვაქცინა არის ავტორიზებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

„ჩვენთვის საიმედოობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ამ პერიოდში ფორსირებულია წარმოება, შესაბამისად, არსებობს გარკვეული რისკები, რომელსაც თითოეული სახელმწიფო იღებს თავის თავზე. ჩვენთვის მნიშნველოვანია, რომ ქვეყანაში შემოვიტანოთ ისეთი ვაქცინა, რომლის ვაქცინაციის შედეგადაც ჩვენი მოქალაქეები იქნებიან მაქსიმალურად დაცულები ყველა შესაძლო გართულებისგან. მომწოდებელი მხარეც ძალიან წუხს იმის გამო, რომ ვაქცინის მიწოდების პროცესი შეფერხდა. ისინიც არიან საკმაოდ დიდი ზეწოლის ქვეშ, ვინაიდან მხოლოდ ვაქცინის მიწოდება მხოლოდ საქართველოსთვის არ გადადებულა. დარწმუნებული ვარ, რომ მათი მონდომება და ჩვენი მაქსიმალური მზაობა ძალიან მალე კარგ შედეგს გამოიღებს. ვაქცინების შერჩევის კომუნიკაცია და სტრატეგია არის შემდეგი - ყველა მომდევნო ვაქცინაზე, რომელიც ავტორიზაციის რიგში დგას, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მათ მწარმოებლებთან და ასევე ეს ვაქცინებიც გვაქვს დაჯავშნილი. თუმცა, ასევე ყველა მწარმოებლისგან ჩვენ გვაქვს პირობა გაუთქმელობის ხელშეკრულების სახით რის გამოც, რა თქმა უნდა, მათი დასახელება არ შეგვიძლია. ეს პირობა აუცილებლად უნდა იყოს დაცული. ეს არ იქნება მხოლოდ Pfizer-ი და AstraZeneca, არამედ ყველა ის ვაქცინა, რომელიც უახლოეს მომავალში მიიღებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაციას. ეს არის ის პირობა, რომელიც ჩვენ დავაყენეთ როგორც ხარისხის მაჩვენებელი და როგორც უსაფრთხოების გარანტი“, - განაცხადა ტიკარაძემ.