რამდენმა მოსწავლემ აირჩია რუსთავში ონლაინ სწავლება

2021-02-12 19:31:07

რუსთავში, ამ დროის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე დარჩენა მოსწავლეთა 6%-მა აირჩია. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან მიაწოდეს.

ამ მონაცემებით ირკვევა, რომ რუსთავში დარეგისტრირებული 23 173 მოსწავლიდან, საკლასო ოთახებში 1 390 მოსწავლე არ დაბრუნდება და სწავლას ონლაინ ფორმატში გააგრძელებს.

როგორც ცნობილია, ქვეყნის მასშტაბით ეს მაჩვენებელი 12%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, განათლების მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, 13 ქალაქიდან მოსწავლეთა 12%-მა გამოთქვა სურვილი, რომ სწავლა დისტანციურ რეჟიმში განაგრძოს.

დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყოველ ოთხშაბათს მშობელს აქვს შესაძლებლობა, არა მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელების თაობაზე დარეგისტრირდეს, არამედ უარი თქვას ამაზე.

„მხოლოდ ყოველ ოთხშაბათს, 24 საათის განმავლობაში იხსნება ფანჯარა და ამ შემთხვევაში არა მხოლოდ რეგისტრაცია ხდება იმისთვის, რომ მოსწავლე დარჩეს დისტანციურ სწავლებაზე, ასევე ეძლევათ შესაძლებლობა უარი თქვან და მათ შვილები საკლასო ოთახში დაბრუნდნენ. ეს პროცესი 13 ქალაქში მიმდინარეობს. აქ არის მთლიანობაში დაახლოებით 297 767 მოსწავლე, 12%-ია, ვინც სურვილი გამოთქვა დისტანციურ სწავლაზე დარჩენის“,- განაცხადა დგებუაძემ.

მისივე განმარტებით, თუ მხოლოდ ერთი მოსწავლე აირჩევს დისტანციურ სწავლებას, მისთვის დაორგანიზდება დისტანციური სწავლება. ამასთან, მინისტრის მოადგილემ ვირტუალურ საკლასო ოთახზეც ისაუბრა.

„იმ შემთხვევაში თუ სკოლაში არის 2,3,4 ან 5 პარალელური კლასი, პირველკლასელებისთვის იქმნება ვირტუალური საკლასო ოთახი, სადაც თავისივე სკოლის მასწავლებლები ასწავლიან პირველკლასელებს“,- აცხადებს დგებუაძე.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები