"ხელისუფლებამ 4-ჯერ არ შეასრულა დაპირება"

2021-02-11 12:21:31

13 თებერვალს, 16:00 საათზე, სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ რუსთავის მერიის წინ აქციას გამართავს. აქციის შემდგომ მოეწყობა ავტომობილებით მსვლელობა რუსთავის საწარმოო ზონაში.

აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, რომ დასახელდეს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის და მისი თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის დამტკიცების ზუსტი თარიღი, რომელიც უნდა იყოს არაუგვიანეს 4 მარტისა.

"რუსთავის მოსახლეობა აღარ ენდობა ხელისუფლების „სავარაუდო“ დაპირებებს და საქართველოს პარლამენტისგან მოითხოვს, დაასახელოს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის და მისი თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის დამტკიცების ზუსტი თარიღი, რომელიც უნდა იყოს არაუგვიანეს 4 მარტისა. საქართველოს პარლამენტმა ზუსტი თარიღის შესახებ ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს წერილობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოძრაობა „გავიგუდეთ“ 7 მარტს გამართავს დამატებით საპროტესტო აქციას და არ გამორიცხავს საწარმოო ზონის გადაკეტვას", - წერს "გავიგუდეთ" ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

"გავიგუდეთ" ამბობს, რომ ხელისუფლებამ 4-ჯერ არ შეასრულა დაპირება კანონმდებლობის დამტკიცების ვადებთან დაკავშირებით.

"ვაპროტესტებთ ხელისუფლების უპასუხისმგებლო მიდგომას რუსთავის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისადმი და ფაქტს, რომ ოთხჯერ არ შეასრულეს დაპირება კანონმდებლობის დამტკიცების ვადებთან დაკავშირებით", - წერია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, "გავიგუდეთ" თავად უზრუნველყოფს იმ ადამიანების ტრანსპორტირებას, რომლებიც შაბათ-კვირას არსებული სატრანსპორტო შეზღუდვის გამო, გადაადგილებას ვერ მოახერხებენ.

"ახალ რუსთავში მცხოვრები ადამიანების საყურადღებოდ.

რადგან შაბათს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმოძრავებს, ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს გადაადგილებას მერიამდე.

გვეყოლება ორი ავტობუსი:

ავტობუსი #1
15:30 - ზე გაჩერდება შარტავას ძეგლთან
15:40 - სასტუმროსთან

ავტობუსი # 2
15:40 - იუსტიცია
15:50 - CGC-ის ოფისთან

პირბადის გამოყენება სავალდებულოა.

ვისაც ავტომობილები გყავთ, გთხოვთ, ავტომობილით წამოხვიდეთ, რადგან აქციის შემდეგ გვექნება მსვლელობა საწარმოო ზონაში", - წერს "გავიგუდეთ".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები