ავარიის შედეგად დაშავებული 53 წლის ქალი გარდაიცვალა

2017-06-28 10:25:00

ლეონიძის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტებიდან 53 წლის ქალი კლინიკა რუსთავში გარდაიცვალა. კლინიკის მორიგე ექიმი გიორგი ბადაგაძე "ინფო რუსთავთან" აცხადებს - "გვიან ღამით შემოიყვანეს შუახნის ქალბატონი, ვიზუალურად ეტყობოდა სხეულის დაზიანებები, ზოგადი მდგომარეობა იყო მძიმე, წნევა დაბალი. იყო სისხლის დიდი დანაკარგი, გაკეთდა კომპიუტერული კვლევა. მოხდა პაციენტის საოპერაციოდ მომზადება, ამ პერიოდში რამდენჯერმე მოხდა გულის გაჩერება, ოპერაციის მსვლელობის დროს სამწუხაროდ გარდაიცვალა. მას ჰქონდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრამვები".

მძიმეა 13 წლის გოგონას მდგომარეობა, პაციენტი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოშია. საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ დავით გოგოძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა - "გოგონას მდგომარეობა არის მძიმე, მას ხარისხიდან გამომდინარე აქვს მძიმე დაზიანებები, ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია".

შეგახსენებთ რომ ავარია გუშინ, გვიან ღამით ლეონიძის ქუჩაზე მოხდა, მსუბუქმა ავტომობილმა ფეხით მოსიარულეებს დაარტყა და ადგილიდან მიიმალა.