ჩანაცვლდება თუ არა ყვითელი ავტობუსები 8 თებერვლიდან

2021-02-05 00:25:29

8 თებერვლიდან რუსთავში ახალი ავტობუსები იმოძრავებენ, - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლელა ლუარსაბიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსები სრულ მზადყოფნაშია, რომ 8 თებერვლიდან რუსთაველების გადაყვანა განახორციელონ.

"მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო სრულ მზადყოფნაშია 8 თებერვლიდან მოემსახუროს მოქალაქეებს და უზურნველყოს გადაყვანა თანამედროვე სტანდარტების ახალი ავტობუსებით", - განაცხადა ლელა ლუარსაბიშვილმა.

ქალაქის ქუჩებში მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ახლადმოწყობილ გაჩერებებზე მონტაჟდება ტაბლოები. სამუშაოებს კომპანია "აზრი" ახორციელებს.

"ინფო რუსთავი" კომენტარისთვის "აზრის" ტექნიკურ დირექტორს, პაატა ცუცქირიძეს დაუკავშირდა. როგორც ცუცქირიძემ საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, სამუშაო ტემპები დაჩქარდა, თუმცა, მისი განცხადებით, იმის დანამდვილებით თქმა, მოესწრება თუ არა ყველა გაჩერების მოწესრიგება 8 თებერვლამდე, არ შეუძლია.

პაატა ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ თუ პროცესი 8 თებერვლამდე ვერ დასრულდა, ეს ავტობუსების მუშაობის დაწყებას ხელს არანაირად არ შეუშლის.

ჯერჯერობით ახალი ავტობუსით მგზავრობის ღირებულებასთან და სხვა დამატებით დეტალებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ გაჟღერებულა, თუმცა, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ უმოკლეს ვადებში ჩატარდება კომპლექსური პრეზენტაცია, სადაც ახალი ავტობუსების ირგვლივ დეტალური ინფორმაცია იქნება გაჟღერებული.

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა რუსთავში, თბილისსა და ქუთაისშიც იხსნება. შეზღუდვა აღარ იმოქმედებს 8 თებერვლიდან, თუმცა, შაბათ-კვირას ტრანსპორტს მუშაობის უფლება ისევ არ ექნება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები