"ყველაზე პოპულარული სკვერი" 1 წლის შემდეგ [photo]

2021-01-30 00:40:55

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მზიანეთში მოწყობილი "პოპულარული სკვერი", რომლის მოწყობასაც ადგილორბივი მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა, მუნიციპალიტეტის მერიამ მხოლოდ გადახურა და შემოღობა.

"ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა სკვერის მოწყობიდან 1 წლის შემდეგ ენახა, როგორ გამოიყურება დასასვენებელი სივრცე და შესრულდა თუ არა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დაპირება, 2020 წელს სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის, მინი სტადიონისა და საბავშვო ატრაქციონების მოწყობასთან დაკავშირებით.

აღმოჩნდა, რომ აღნიშნული დაპირებები შესრულებული არ არის. სკვერის მიმდებარე ტერიტორია არ დასუფთავებულა და იქ არც ხეები დარგულა, დასასვენებელი სივრცის ტერიტორიაზე ისევ ნაკელი, საყოფაცხოვრებო ნარჩენები და პირუტყვის სადგომი თუ შეგხვდებათ.  

"ინფო რუსთავმა" სცადა საკითხთან დაკავშირებით გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი ჩაეწერა, თუმცა, მან საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას აღნიშნა, რომ ტერიოტორიაზე სამუშაეობი მიმდინარეობდა და კომენტარს სამუშაოების დასრულების შემდეგ გააკეთებდა, "ინფო რუსთავის" გადამღებმა ჯგუფმა კი მზიანეთში ნახა, რომ ამ დროისთის ადგილზე არანაირი ინფრასტრუქტურული სამუშაო არ მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 2019 წელს სოფელ მზიანეთში სკვერის მოწყობას ადგილობრივებისა და არამხოლოდ ადგილობრივების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით, სივრცის მოსაწყობად გარდაბნის მერიამ 11 216 ლარი გამოყო. როგორც ადგილობრივები საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას აცხადებდნენ, სოფელში არის სასმელი წყლის, გზის, საკანალიზაციო სისტემის, ნაკვეთების დაკანონების და გარე განათების პრობლემა, თუმცა ხალხის მოთხოვნა მერიამ არ გაითვალისწინა და თანხა სხვა მიმართულებით, არამიზნობრივად გამოიყენა.

გარდა ამისა, ადგილობრივები აღნიშნავდნენ, რომ სკვერის მოწყობის ადგილი მათთან შეთანხმების გარეშე შეირჩა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI