რუსთავის მერია სამშენებლო კომპანიას დააჯარიმებს [photo]

2021-01-27 23:14:55

რუსთავის მერია სამშენებლო კომპანია "ორნამენტს", რომელიც სარაჯიშვილის ქუჩაზე საბავშვო ბაღს აშენებს, დააჯარიმებს.

ქალაქის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, კომპანიამ ბაღის მშენებლობა დათქმულ ვადებში ვერ დაასრულა, რის გამოც მუნიციპალიტეტი მათთან ხელშეკრულების გაწყვეტას და ჯარიმის დაკისრებას აპირებს.

"კარგად ჩანს, რამდენად ცუდ მდგომარეობაში შეიძლება ჩააყენოს ქალაქი უპასუხისმგებლო კომპანიის მოქმედებამ. დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო ეს ბაღი კონტრაქტითა და სახელშეკრულებო პირობებით რაც ჰქონდა გათვალისწინებული. დეკემბერშივე დაიწყო პროცედურები, ჩანიშნულია კომისია, სადაც მიიღება გადაწყვეტილება და აღნიშნულ კომპანიას გაუწყდება ხელშეკრულება, დაერიცხება პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოსთვის და ეს სანქციები წამოვა ბიუჯეტში",- განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

მერის თქმით, კომპანიის არაკეთილსინდისიერების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეცნობება, რის შემდეგაც სააგენტო გადაწყვეტს, შეიყვანოს თუ არა კომპანია შავ სიაში.

იმ შემთხვევაში თუ კომპანიას შავ სიაში შეიყვანენ, მას სხვა ტენდერებში მონაწილეობის უფლება აღარ ექნება. 

ზუსტად რა ოდენობის თანხით დაჯარიმდება კომპანია "ორნამენტი" ჯერ-ჯერობით უცნობია. ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ჯარიმის ზუსტი ოდენობა კომისიის გადაწვეტილების შემდეგ გახდება ცნობილი.

მას შემდეგ რაც კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყდება, ბაღის მშენებლობის დასრულებისთვის მუნიციპალიტეტი კიდევ ახალ ტენდერს გამოაცხადებს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" კომპანია "ორნამენტის" წარმომადგენლებსაც დაუკავშირდა, სადაც სამუშაოების დროულად ვერ დასრულების მიზეზად პროექტში შეტანილ ცვლილებებსა და კორონავირუსის პანდემიას ასახელებენ.

"პირველი არის ის, რომ მოხდა პროექტის ცვლილება, რასაც თვენახევარი დასჭირდა და ამ დროის განმავლობაში მუშაობას ვერ ვიწყებდით. მერე დაემთხვა პანდემია. დაგვიავადდა ერთ-ერთი მუშა და მთელი ბრიგადა წავიდა ამის გამო. არ მოხდა არაფრის გათვალისწინება. ახლა ბოლოს ჯარიმებზე ვმუშაობთ. გვაჯარიმებენ ჩვეულებრივად.

შეღავათი არ გაუკეთებიათ, დრო კი დაგვიმატეს 2 თვე, მაგრამ ჯარიმებზე წავედით. ახლა უკვე უკვე მკვდარი სეზონია, არც ბაზრობებია და არაფერი. მაინც შევძელით რომ მოგვეძიებინა რაღაცა. მე არ ვიცი მერიის თვითმიზანია თუ არა ხელშეკრულების გაწყვეტა, მაგრამ რაღაცის გათვალისწინება უნდა მოხდეს, მითუმეტეს ყველა ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმას ვიხდიდით",- განუცხადეს "ინფო რუსთავს" კომპანია "ორნამენტში".

მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მერია კომპანიასთან ხელშეკრულებას არ გაწყვეტს, ბაღის მშენებლობას არსებული ხელშეკრულების დასრულებამდე, მაისამდე, მორჩებიან.

შეგახსენებთ, რომ სარაჯიშვილის დასახლებაში მცხოვრებ რუსთაველებს წლებია ბაღის არ არსებობის პრობლემა აწუხებთ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან მისი მშენებლობისთვის 1 300 000-მდე გამოყო. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ბაღის მშენებლობა კიდევ რამდენიმე თვე არ დასრულდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები