დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ნათია ქუთათელაძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისა და მოქალაქე ღვედაშვილის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა. ისინი რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლის მიხედვითაც მერიის გადაწყვეტილება შუბითიძის მშენებლობის შეჩერების შესახებ ბათილად სცნეს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ადვოკატის, მალხაზ არბოლიშვილის განცხადებით: „გაუქმდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და რაც მთავარია, სასამართლომ ახალი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც შუბითიძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.“ მისივე თქმით: „მერიის ბრძანება, რომლის მიხედვითაც ბათილად სცნეს შუბითიძის მშენებლობის ნებართვა, დარჩა ძალაში.“
კომერციული ფართის მესაკუთრე, ლია შუბითიძე "ინფო რუსთავთან" საუბარში ამბობს, რომ ის აპირებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას, რადგან მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი და მიუღებელი აღმოჩნდა - „არსებობდა ორჯერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. ჩვენ გავეცნობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდეგ დავას უზენაეს სასამართლოში განვაგრძობთ."
იმ შემთხევვაში თუ უზენაესმა სასამართლომ ლიანა შუბითიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებული იქნება კერძო მესაკუთრეს აუნაზღაუროს ის მატერიალური ზარალი, რომელიც მას ამ ხნის განმავლობაში მიადგა.
შეგახსენებთ, რომ მშენებლობა შარტავას #19 კორპუსის პირველ სართულზე 2015 წლის 28 სექტემბერს დაიწყო, თუმცა ამ თემაზე დავა სასამართლოში ჯერ კიდევ 2013 წელიდან მიმდინარეობდა. ნახეთ ფოტოები არქივიდან.