საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, თქვა, რომ არსებული შეზღუდვები და კოვიდრეგულაციები 1 თებერვლამდე გახანგრძლივდება.
"ჩვენ ვიმსჯელეთ დღეს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 1 თებერვლამდე შევინარჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს, წერტილოვანი შეზღუდვების. ჩვენი ამოცანაა, რომ 1 თებერვლამდე დარჩენილი 2-3 კვირა გამოვიყენოთ, რათა აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ 1 თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, თუნდაც ვაჭრობის სექტორის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხრივ", - თქვა თურნავამ.
აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ისევე, როგორც საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. დაკეტილია სავაჭრო ცენტრები და კვების ობიექტები, ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.
საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ე.წ კომენდანტის საათი მოქმედებს.
მარტის შემდეგ, შეზღუდვებია დაწესებული რეგულარულ ფრენებზე, რამდენიმე თვეა, ავიაკომპანიებს მხოლოდ 14 მიმართულებით შეუძლიათ რეისების შესრულება.