რუსთავში, რუსთაველისა და ჭავჭავაძის ქუჩებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოებზე მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად, რუსთაველისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე საცხოვრებელი სახლების ფასადების აღდგენა-რეაბილიტაცია მოხდება. კერძოდ, რეაბილიტაცია რუსთაველის # 4, #8, #12 და #16 კორპუსებს, ასევე ჭავჭავაძის #6-სა და #8-ს ჩაუტარდება. ტერიტორიებზე მოეწყობა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, კეთილმოეწყობა მიმდებარედ არსებული ტროტუარებიც.
როგორც "ინფო რუსთავს" მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა ზაზაძემ განუცხადა, კარ-ფანჯრების გამოცვლასთან ერთად, იგეგმება ავარიული აივნების რეაბილიტაციაც.
ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 1 თებერვალს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესრულებისთვის 210 დღე მიეცემა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება, რომელიც სატენდერო პირობებში პირველ ეტაპზეა წარმოდგენილი, 2 834 000 ლარს შეადგენს.