როდის უყრის პარლამენტი კენჭს გარემოსდაცვით კანონპროექტს

2021-01-05 14:20:02

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეცხრე მოწვევის პარლამენტის მიერ განხილული გარემოსდაცვითი კანონპროექტის გაგრძელებაზე იმსჯელა.

როგორც "ინფო რუსთავს" პარლამენტის რუსთაველმა დეპუტატმა და კომიტეტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა განუცხადა, სავარაუდოდ, კანონპროექტი კენჭისყრაზე თებერვლის თვეში დადგება.

"სავარაუდოდ, კენჭისყრაზე დადგება საკითხი თებერვლის თვის პირველ ნახევარში. პირველი პროცედურა გაიარა, მოვიწონეთ და მხარი დავუჭირეთ ამ კანონპროექტის გაგრძელებას ერთხმად. მთავარი პოლიტიკური ნება არის ყველას მხრიდან და არანაირი პრობლემა არ შეიქმნება", - განაცხადა ალექსანდრე დალაქიშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, შეიქმნება სპეციალური გარემოს დაცვის ფონდი.

„განსახილველად წარვადგინეთ მეცხრე მოწვევის პარლამენტის მიერ განხილული ორი კანონპროექტი. ერთ- ერთია უპრეცენდენტოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტის გაგრძელება – ეს არის გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეულ რეგიონში საწარმოო პროცესის დარეგულირებისთვის.

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რაოდენ მნიშვნელოვან და დიდ ყურადღებას უთმობს ჩვენი გუნდი გარემოს დაცვით საკითხებს, ჰაერის, წყლის დაბინძურების საკითხებს, იმ საკითხებს, რომელიც თითოეულ თქვენგანს აწუხებს და ეს სწორედ ეს კანონპროექტია, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ თითოეულ საწარმოს ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საშუალება მივცეთ, მოვთხოვოთ, დავუწესოთ გეგმა-გრაფიკი და ასევე, გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ნებისმიერი დიდი ზემოქმედებისთვის კომპანიები ვალდებულები იქნებიან, რომ გადაიხადონ გარკვეული კომპენსაცია, რომლისთვისაც კანონპროექტით იქმნება სპეციალური გარემოს დაცვითი ფონდი. სწორედ ეს არის ევროპული სტანდარტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის პირველი სახელმწიფო ჩვენს რეგიონში, რომელიც ამგვარ ევროპული ტიპის და ევროპული სტანდარტის გარემოს დაცვით ფონდს შექმნის“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ.