"281 დღე 365-დან, დაბინძურებული ჰაერი ვისუნთქეთ"

2020-12-28 16:38:28

რუსთავში, საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვიზიტმა აქციის ფონზე ჩაიარა.

რუსთაველმა ეკოაქტივისტება ქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, დაპირება, რომელიც გამკაცრებული გარემოსდაცვითი კანონპროექტის 2021 წლის 1 იანვრიდან ძალაში შესვლას ეხებოდა, არ შესრულდა.

აქტივისტებს სურდათ, პრემიერ-მინისტრისთვის მიეწვდინათ ხმა, რომ კანონი ძალაში უმოკლეს ვადებში უნდა შევიდეს, რათა მისი აღსრულების ეფექტურ მექანიზმზე მუშაობაც დაჩქარებულ ტემპებში დაიწყოს და რუსთაველებს დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა რაც შეიძლება ნაკლები დროის განავლობაში მოუხდეთ.

"3 დაპირება არ შესრულდა. პირველი ის იყო, რომ საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე უნდა მიეღო პარლამენტს, მეორე იყო, რომ საშემოდგომო სესიაზე და მესამე იყო, რომ დეკემბერში. ხომ ამბობენ, რომ აღსრულება პირველი ივნისიდან მაინც უნდა დაიწყოს. საწარემოებს უნდს ჰქონდეთ შესაბამისი ვადები, რომ მოემზადონ. ეს კანონი მიღებული რომ იყოს უკვე, მათ დაწყებული ექნებდათ მომზადება, რაც არ დაუწყიათ იმის გამო, რომ ხელისუფლებამ გაწელა კანონმდებლობის მიღება", - განაცხადა "გავიგუდეთ"-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

მას შემდეგ, რაც საწარმოს გახსნის ღონისძიება დასრულდა, აქციის მონაწილეებს რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე და რუსთაველი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ალექსანდრე დალაქიშვილი შეხვდნენ.

დეპუტატებმა აქტივისტებს განუმარტეს, რომ კანონის ძალაში შესვლა ტექნიკური საკითხების გამო ვერ მოესწრო, თუმცა, აღნიშნეს, რომ გამკაცრებული კანონდებლობა ახალი წლის პირველივე ნაწილში ამოქმედდება.

"როცა მესამე მოსმენით უნდა მიიღო, ელემენტარული ის კანონპროექტები უნდა წაიკითხო და გაეცნო, რას აძლევ ხმას, რისთვისაც დეპუტატებს სჭირდებათ ვადა. ისედაც დარწმუნებულია ყველა, რომ ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მაგრამ რეგლამენტში არის ჩანაწერი, რომ მიზანშეწონილად ცნობას სჭირდება ერთ თვიანი პროცედურა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს ასე მტკივნეულია, ერთი კვირით ადრე მოხდება ამის მიღება თუ ერთი კვირით გვიან, მთავარი აღსრულებაა", - განუცხადა რუსთავის მაჟორიტარმა-დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ აქტივისტებს.

"მე გეუბნებით და გიდასტურებთ, რომ ამის ნება არსებობს და ეს კანონი გავა, 2021 წლის პირველივე სხდომებზე იქნება ეს კანონი ინიცირებული. ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას", - მიმართა ალექსანდრე დალაქიშვილმა აქციის მონაწილეებს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები