რამდენი ლარი ექნებათ ხელფასი რუსთავის ახალი საწარმოს მკერავებს

2021-01-20 15:50:12

შესრულდა თუ არა დაპირება 800 ლარიან ხელფასებთან დაკავშირებით რუსთავში ახლადგახსნილ საწარმოში? ამის შესახებ "ინფო რუსთავმა" კითხვა "ქართლი ტექსტილის" დირეტორს გია ლომინაძეს დაუსვა.

როგორც ლომინაძემ საინფორმაციო სააგენტოს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, 800 ლარში კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯებიც შედიოდა.

"თუ დანაპირები იყო 800 ლარი, მე აღვნიშნავ ეს 800 ლარი რისგან შედგებოდა. 800 ლარი არის ის, რომ იცით ალბათ, ჩვენ ყველა თანამშრომელს ვუწევთ კვებით მომსახურებას, ვუწევთ ტრანსპორტირებას და აგრეთვე ვუხდით ხელფასს. ხელლფასი ჩვენთან არის მინიმუმ 500 ლარი, გამოსაცდელი პერიოდის შემდგომ ადამიანები ღებულობენ 550 ლარს და შემდგომ  ეტაპობრივად იზრდება, ის შეიძლება ავიდეს 800 ლარაზე", - განაცხადა გია ლომინაძემ.

შეგახსენებთ, საწარმოს მშენებლობის საწყის ეტაპზე ითქვა, რომ "ქართლი ტექსტილში" საშუალო ხელფასი 800 ლარი იქნებოდა, თუმცა, როგორც რამდენიმე დასაქმებულმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, დაპირება არ შესრულდა.

გაგარინის ქუჩაზე მდებარე ახალი საწარმო ოფიციალურად უკვე გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას რუსთავში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად დაესწრო.

ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, "ქართლი ტექსტილი" ჯამში 4000 რუსთაველს დაასაქმებს.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები