"დაგვეხმარეთ, გადაარჩინეთ თუნდაც ერთი სიცოცხლე"

2020-12-15 18:03:49

"გთხოვთ, ვინც სახლში ხართ უმუშევრად და უკვე გადაიტანეთ კოვიდი, დაგვეხმარეთ და შეიტანეთ თქვენი წვლილი თუნდაც ერთი სიცოცხლის გადარჩენაში", - ასე მიმართა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ადმინისტრაციამ ფეისბუქ განცხადების საშუალებით რუსთაველებს და მათ, ვინც უკვე კორონავირუსი გადაიტანა, დახმარება სთხოვა.

"ინფო რუსთავი" დამატებითი დეტალების გასარკვევად კლინიკის დირექტორს პაპუნა ბახტაძეს დაუკავშირდა. როგორც ბახტაძემ საინფორმაციო სააგენტოსთან განმარტა, სამედიცინო დაწესებულებაში მედპერსონალის დეფიციტი არაა, თუმცა იმის გამო, რომ საავადმყოფო სრული დატვირთვით მუშაობს, სანიტრებისა და ექთნების დამხმარეთა დამატებითი რაოდენობა ესაჭიროებათ.

"ძირითადად გვაკლია სანიტრები და ექთნის დამხმარეები, ანუ ის ხალხი, ვისაც სამედიცინო განათლება არ ესაჭიროება. საავადმყოფო მუშაობს სრული დატვირთვით და დახმარება გვჭირდება ამ კუთხით", - განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.

ცნობისთვის, კლინიკის ოფიციალურ Facebook გვერდზე განცხადება გავრცელდა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს თხოვნით მიმართეს.

"ძალიან გვიჭირს ერთი და იგივე თემაზე ამდენი საუბარი და საზოგადოებაში არსებული უარყოფითი განწყობის კიდევ უფრო გაუარესება. სამწუხაროდ თითქმის აღარ გვაქვს რესურსი და სასწრაფოდ გვესაჭიროება თანამშრომლები სანიტრის პოზიციაზე. მედ-პერსონალის რაოდენობა განახევრებულია და ვეღარ ახერხებენ გაუმკლავდნენ პაციენტთა უზომოდ დიდ ნაკადს. გთხოვთ, ვინც სახლში ხართ უმუშევრად და უკვე გადაიტანეთ კოვიდი, დაგვეხმარეთ და შეიტანეთ თქვენი წვლილი თუნდაც ერთი სიცოცხლის გადარჩენაში. ანაზღაურების და გრაფიკის პირობების დასაზუსტებლად მოგვწერეთ პირადში", - ეწერა განცხადებაში.