კოვიდ19-თ ინფიცირებულთა მნიშვნელოვანი ზრდა რუსთავში

2020-12-12 18:39:35

რუსთავში კოვიდ19-ის ახალ შემთხვევათა მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა.

ინფიცირებულთა მაჩვენებელი გასულ 24 საათში 100-ს გასცდა, უფრო კონკრეტულად კი, ამ დროის განმავლობაში, ქალაქში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აქედან 78 შემთხვევა რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" პოლიკლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ განუცხადა. მისი თქმით, დღის განმავლობაში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი 151 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 63-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ინფიცირების 15 შემთხვევა კი გადამოწმების მიზნით, ლაბორატორიულ კვლევაზე გადაგზავნილი PCR ტესტით გამოვლინდა. 40 პაციენტიდან 37-ს დაუდასტურდა კორონავირუსი კლინიკა “რუსთავში”. ამავე კლინიკაშიც ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტირებები ჩატარდა.

3-დან 1 პაციენტს დაუდასტურდა კორონავირუსი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში მოწყობილ ცხელების ზონაში. პაციენტი მკურნალობას კლინიკის კოვიდის მიმღებ ცენტრში აგრძელებს.