"საქმეს უნდა მივხედოთ და არა შოუები დავდგათ" [video]

2020-12-12 14:59:45

"საქმეს უნდა მივხედოთ, ვიმუშაოთ და არა რაღაც შოუები დავდგათ", - ასე ეხმაურება ოპოზიციის ბოიკოტს საქართველოს პარლამენტის რუსთაველი დეპუტატი ალექსანდრე დალაქიშვილი. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" კითხვას, წარმოადგენდა თუ არა მისთვის დისკომფორტს ის ფაქტი, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას მხოლოდ მმართველი გუნდი ესწრებოდა, დალაქიშვილი პასუხობს, რომ "ქართული ოცნება" ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს და ოპოზიცია გონს უნდა მოეგოს.

"მრავალპარტიული პარლამენტი ფაქტიურად შემდგარია, ისინი უბრალოდ ხელოვნურად ქმნიან კრიზისებს. მე ვფიქრობ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, განსაკუთრებით  სამართლიანი არჩევნების დასკვნა ამბობს, რომ აქ არანაირ მანიპულაციებს ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება უხერხულობას, ჩვენ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენი ამომრჩევლების წინაშე და ვფიქრობ, რომ ოპოზიცია უნდა მოეგოს გონს, უნდა იაზროვნონ სახელმწიფოებრივად იმ გამოწვევების პირობებში, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. დასამტკიცებელია ბიუჯეტი, მთავრობა, ზედამხედველობაა გასაწევი აღმასრულებელი ხელისუფლების. საქმეს უნდა მივხედოთ, ვიმუშაოთ და არა რაღაც შოუები დავდგათ", - განაცხადა ალექსანდრე დალქიშვილმა.  

სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დალაქიშვილი ამბობს, რომ ის და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიმართულებებზე იმუშავებენ.

"მიმდინარეობს ახლა პროცედურები, რომ ჩემი და ნინო ლაცაბიძის მუშაობა გაგრძელდეს გარემოსდაცვის კომიტეტში, ასევე ერთ-ერთი მიმართულება იქნება დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი. ვფიქრობ, ეს სწორედ ეს მიმართულებებია, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსთავისთვის. ჩვენი მიზანია საკანონმდებლო ინიციატივები, რაც არის დაანონსებული, მივიდეს ბოლომდე", - აცხადებს დალაქიშვილი. 


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები