პარლამენტში სხდომაზე დასასწრებად "ზებრა" მივიდა

2020-12-11 13:25:23

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დღეს პარლამენტის სხდომაზე დასასწრებად "ზებრის" ფორმით მივიდა.

"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის ლიდერი მიხეილ ქუმსიშვილი სამართალდამცველებმა საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს.

როგორც ზებრის ფორმაში ჩაცმულმა პოლიტიკოსმა "ინფო რუსთავთან" განაცხადა, პარლამენტში შესვლა უკანონოდ შეუზღუდეს, ვინაიდან მას ამის უფლება "სხვა ზებრების მსგავსად" ჰქონდა.

"მეც, სხვა ზებრებისა და პინგვინი დეპუტატების მსგავსად, მქონდა უფლება, შევსულიყავი დარბაზში" - განაცხადა "ინფო რუსთავთან" მიხეილ ქუმსიშვილმა.

"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა საინფორმაციო სააგენტოსთან დააზუსტა, რომ მას პარტიული სიით დეპუტატის მანდატი არ მოუპოვებია, თუმცა, მისი თქმით, როცა საუბრობდა პარლამენტში შესვლის უფლებაზე, საუბრობდა არა როგორც მიხეილ ქუმსიშვილი, არამედ როგორც "ზებრა".


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები