რუსთავის ბიუჯეტი 1 800 000 ლარით გაიზარდა

2017-06-15 16:20:54

საკრებულოს მე-80 სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 15-მდე საკითხი განიხილეს. საკითხების უმეტესობა აიპებში მუხლობლივ ცვლილებებს ეხებოდა. პირველი საკითხი ეხებოდა რუსთავში სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლებისათვის ნებადართული გზების სიების დამტკიცებას. პროექტი გულისხმობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, საგზაო ნიშნებით, სავალი გზის დახაზვით და ა.შ. მისი ღირებულება 3 მილიონ ლარს სცდება. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ განაცხადა რომ - "აღნიშნულ თემაზე ჩვენ ვისაუბრეთ, გამომდინარე იქიდან რომ მუნიციპალიტეტს 3 მილიონის გაღების საშუალება არ აქვს, მისი განხორციელება შესაძლოა მოხერხდეს ან თანადაფინანსების პირობებით ან სახელმწიფო პროექტს 100% თავად დააფინანსებს".

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი რომ რუსთავის ბიუჯეტი 1 787 000 ლარით გაიზარდა, აქედან, აქედან 1 294 300 ლარი 30 სპორტული მოედნის დაფინანსებას მოხმარდება, ხოლო დანარჩენი 492 700 ლარი სხვადასხვა სამსახურების და აიპების ბიუჯეტს დაემატა. ძირითადი თანხები ასე გადანაწილდა: 200 000 ლარი გარე-განათების მოწყობა რეაბილიტაციისთვის, 20 000 ლარი ქალაქ რუსთავის საიმიჯო ჟურნალი-კატალოგის შექმნისთვის და გამოცემისთვის, 70 000 ლარი ინდივიდუალური დახმარების პროგრამებისთვის, 33 000 ლარი ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრისთვის, რომელიც სპორტული შეჯიბრებების გამართვას გეგმავს, 14 000 ლარი ბიბლიოთეკებს გამოეყო, ხოლო 110 000 ლარი სპორტული და საბავშვო ინფრასტრუქტურის მოწყობა რეაბილიტაციისთვის.