"არ ვიცით, მიდის ზურა, თუ ჩვენ"

2020-12-04 12:52:25

"პარლამენტში შევალთ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია შევა. იგივე აზრზე ვართ, როგორზეც ვიყავით", - ასე პასუხობს "ინფო რუსთავის" კითხვას, უკავშირდება თუ არა "გირჩში" განხეთქილება პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ისიც კი არ არის მისთვის ცნობილი, პარტიიდან მიდის ზურაბ ჯაფარიძე თუ ის წევრები, რომელზეც ჯაფარიძემ განცხადება სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში გააკეთა. 

"ველოდებით ყველა ზურასგან განმარტებას, რას აპირებს, როგორ წარმოუდგენია ის, რაც დაწერა. ზოგადად პრობლემა გვქონდა, მაგრამ ის, რომ ასეთ დროს ასეთ გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა საჯაროდ, მოულოდნელი იყო. ფიზიკურად არ ვიცით რა ხდება და როგორ წარმოუდგენია მას ხვალინდელი დღე. მიდის, ჩვენ უნდა წავიდეთ, პარტიას სახელი უნდა გადავარქვათ, წარმოდგენა არ გვაქვს. არანაირი პოლიტიკური პრობლემები ჩვენ არ გვქონია, სინქრონში ვიყავით საჯარო პოლიტიკის ნაწილში, პერსონალური ურთიერთობების პრობლემაა", - აცხადებს ვახო მეგრელიშვილი.

შეგახსენებთ, ზურაბ ჯაფარიძემ ერთ-ერთ ჯგუფში დაწერა, რომ მისი და პარტიის რამდენიმე სხვა ლიდერის გზები გაიყო.

"სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას.

ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო", - წერს ჯაფარიძე.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI