უთანხმოება ჯაფარიძესა და გირჩის სხვა ლიდერებს შორის

2020-12-04 11:19:41

ზურა გირჩი ჯაფარიძე იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას აღარ აპირებს. ამის შესახებ მან სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში დაწერა.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურშიც ადასტურებენ და 'ინფო რუსთავთან" აცხადებენ იმასაც, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, ვის დარჩება ბრენდი "გირჩი".

"ეს ადამიანები აღარ აგრძელებენ პარტიულ თანამშრომლობას. ჯერჯერობით გარკვევის პროცესშია პარტიას როგორ ვიყოფთ, ვის რა რჩება. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი. ჯერჯერობით ისიც არ არის გარკვეული, სახელი "გირჩი" და ბრენდი "გირჩი" რომელს დარჩება", - აცხადებენ პარტიის პრესსამსახურში.

უთანხმოების მიზეზებზე პარტიაში ამბობენ, რომ მიზეზი "დიდი ხნის განმავლობაში დაგროვდა". რაც შეეხება პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხს, "გირჩის" პრესსამსახურში უარყოფენ, რომ მიმდინარე პროცესების მიზეზი ეს საკითხი გახდა. 

ჯაფარიძემ თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ "გირჩის ბაბლში" დაწერა:

"სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას.

ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო", - წერს ჯაფარიძე.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI