24 საათიანი მაღაზიები და აფთიაქები რუსთავში

2020-12-09 00:28:41

მას შემდეგ, რაც რუსთავში ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი კითხვა გახდა, რომელი ობიექტი რომელ საათამდე მუშაობს. იმ პირებისთვის კი, ვისაც გადაადგილების საშვი აქვს, საინტერესოა, რომელი აფთიაქი თუ მაღაზია მუშაობს ქალაქში 24 საათიან რეჟიმში.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, მოქალაქეებს დროებითი საშვით სარგებლობის უფლება ეძლევათ, რაც ხშირ შემთხვევაში, სწორედ წამლის საყიდლად შეიძლება იქნას გამოყენებული.

"ინფო რუსთავმა" შეაგროვა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ქსელური მაღაზია და აფთიაქი რომელ საათზე წყვეტს მუშაობას და რომელი ობიექტები მუშაობენ 24 საათის განმავლობაში.

საინფორმაციო სააგენტო დაუკავშირდა მაღაზიათა ქსელებს: "სპარი", "მაგნიტი", "კარფური", "ნიკორა" "მადაგონი", "2 ნაბიჯი", "ფენიქსი" და გაარკვია, რომ რუსთავში სასურსათო მაღაზიებიდან 24 საათის განმავლობაში მუშაობს მესხიშვილის #12-ში მდებარე "სპარის" ფილიალი, ასევე, მუშაობას 21:00 საათზე წყვეტს კოსტავას #17-ში მდებარე ამავე ქსელის მაღაზია.

სადღეღამისოა კოსტავას #19-ში მდებარე "ნიკორას" სუპერმარკეტი.

რაც შეეხება სხვა მაღაზიებს, დანარჩენ ქსელურ მარკეტებში სადღეღამისო ფილიალები არ აქვთ და სასურსათო მაღაზიები ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედებამდე 1 საათით ადრე, 20:00 საათზე ასრულებენ მუშაობას.

24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს ლეონიძის #12-ში, მესხიშვილის ქუჩის კვეთაზე მდებარე სააფთიაქო ქსელ "პსპ"-ს ფილიალი. 

"ავერსი", "ჯპს", "ფარმადეპო", "ფარმსახლი", "მელოდია" და "იმპექსი" კი 20:00 საათზე წყვეტენ ფუნქციონირებას.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები