covid19-ზე ტესტირება რუსთსავში

2020-12-02 18:15:34

"ინფო რუსთავს" ყოველდღიურად ათობით მოქალაქე უკავშირდება კითხვით, სად ტარდება covid19-ზე ტესტირება რუსთავში.

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, რუსთავში უფასო ტესტირებებთან ერთად, ტარდება ფასიანი ტესტირებებიც.  ბოლო პერიოდში, კოვიდინფიცირებულთა რიცხვის მატებასთან ერთად, იმატა კორონავირუსზე შემოწმების მსურველთა რიცხვმაც, რის გამოც, პაციენტებს, რომელთაც რიგში დგომის რესურსი არ აქვთ, ფასიანი ტესტის ჩატარება უწევთ.

მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში მოქალაქეები იხდიან თანხას კოვიდ19-ზე ტესტის ჩასატარებლად, ცხადია, რუსთავში არაერთ ლოკაციაზე ტარდება უფასო ტესტირებებიც.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, "ინფო რუსთავი" კიდევ ერთხელ გთავაზობთ დეტალურ ჩამონათვალს, სად შეიძლება რუსთავში ზედმეტი დანახარჯების გარეშე ტესტის ჩატარება და რა პროცედურების გავლაა საჭირო ამისთვის:

N2 დიაგნოსტიკური ცენტრი - შეიძლება ითქვას, რომ დღის განმავლობაში, ყველაზე მეტი ადამიანი რუსთავში N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში იღებს ტესტს კორონავირუსზე. ტესტის გაკეთება აღნიშნულ კლინიკაში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, წინასწარი ჩაწერით იყო შესაძლებელი, თუმცა ახლა პროცედურები შეიცვალა. ახლა შეგიძლიათ კლინიკას მიმართოთ თვითდინებითაც, თუმცა მოგიწევთ ჩადგეთ რიგში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კლინიკის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მოუწოდებს, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დამოუკიდებლად არ მიიღონ გადაწყვეტილება ტექსტის გაკეთების შესახებ და დაუკავშირდნენ ოჯახის ექიმს. თუ ოჯახის ექიმი გადაწყვეტს, რომ ტესტი უნდა გაიკეთოთ, ამის შემდგომ მოხდება თქვენი პროცედურაზე ჩაწერა ამავე სამედიცინო დაწესებულებაში.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო - ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ დაწესებულებაში განთავსებულ ცხელების ზონაში ტესტი უტარდებათ მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლებსაც ცხელება აქვთ და აუცილებლად სტაციონარიზაციას საჭიროებენ. მაშასადამე, თუ თქვენ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას არ საჭიროებთ, ცენტრალურ საავადმყოფოში ტესტს ვერ ჩაიტარებთ.

კლინიკა "რუსთავი" - კლინიკა რუსთავში კოვიდის მიმღები ცენტრია განთავსებული და აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში საკვლევ მასალას იღებენ ცხელების მქონე პაციენტებისგან, რომლებიც ამავე კლინიკაში 112-მა შეიყვანა და ასევე მათგანაც, ვინც კლინიკას თვითდინებით მიმართა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში ადგილები ამ დროისთვის შეზღუდულია.

N1 დიაგნოსტიკური ცენტრი - ბიოლოგიურ საკვლევ მასალას კოვიდ19-ზე შემოწმებისთვის იღებენ N1 დიაგნოსტიკურ ცენტრშიც. თუ თქვენ აღრიცხვაზე სწორედ ამ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებით, უნდა დაუკავშირდეთ ოჯახის ექიმს და კოვიდ19-ზე ტესტის ასაღებად ჩაეწეროთ სწორედ ამ პოლიკლინიკაში.

რაც შეეხება რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრს, ძირითად შემთხვევაში, ცენტრში ტესტავენ უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს. ლაბორატორია N1 დიაგნოსტიკური ცენტრის მეორე ფლიგელშია განთავსებული.

ასევე, "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ტესტი კოვიდ19-ზე ტარდება "ავერსის" კლინიკაში, ბავშვთა საავადმყოფოსა და მარდალეიშვილის კლინიკაში. ჩამონათვალიდან უნდა მიმართოთ იმ სამედიცინო დაწესებულებას, რომელშიც აღრიცხვაზე იმყოფებით.

ეს არის ის ძირითადი ჩამონათვალი, სადაც კორონავირუსზე მოქალაქეების ტესტირება რუსთავში, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა, დიდი ალბათობით, ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას, რომელშიც აღრიცხვაზე იმყოფებით, შეუძლია აიღოს თქვენი ბიოლოგიური საკვლევი მასალა ლაბორატორიაში გასაგზავნად ან დაგაკვალიანოთ, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით დაუკავშირდებით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ სამედიცინო დაწესებულებების უმეტესობაში, რომელზეც სტატიაშია საუბარი, ტარდება ფასიანი ტესტირებებიც.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები