თბილისში პეკინის ქუჩა გადაიკეტება

2017-06-14 13:40:11

16 ივნისიდან, სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების დროს, პეკინის ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა შეიზღუდება. როგორც კომპანია „ინტერტრანსში“ ინფო რუსთავს განუცხადეს, თბილისისკენ მიმავალი 19 ნომერი მიკროავტობუსები იმოძრავებენ შემდეგ მიმართულებით: გმირთა მოედანი - კოსტავას გამზირი - ჟიული შარტავას ქუჩა და ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით მოხვდებიან უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან.

პეკინის გამზირის სრული რეაბილიტაციის საკითხთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში დედაქალაქის მერის ხელმძღვანელობით სამუშაო თათბირი გაიმართა. თბილისის მერის განცხადებით, რეაბილიტაცია მოიცავს მიწისქვეშა კომუნიკაციების, გზის საფარის და ტროტუარების მოწესრიგებას. „სამუშაოს მასშტაბებიდან და მოცულობიდან გამომდინარე, ჩვენ გვიწევს პეკინის გამზირის ცალკეული მონაკვეთების დაკეტვა, შესაბამისად მოსახლეობა რაიონული გამგეობის მიერ წინასწარ იქნება გაფრთხილებული, რათა თავიდან ავიცილოთ გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებული დისკომფორტი. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სამუშაოები სწრაფ ტემპში, 24 საათიან რეჟიმში წარიმართოს“ - განაცხადა დედაქალაქის მერმა. საგზაო ინფრასტრუქტურა პეკინის ქუჩაზე 60 წელია არ შეკეთებულა. საკომუნიკაციო ქსელის აღდგენა-გამოცვლას კომპანია GWP განახორციელებს. წყალსადენის გამანაწილებელი ქსელების 3კმ-იანი სიგრძის მილსადენები სრულად შეიცვლება ახლით. სარეაბილიტაციო სამუშაოებს მსოფლიოს წამყვანი, გერმანული კომპანიების ექსპერტები განახორციელებენ. ასევე მოეწყობა 600 მეტრი სიგრძის ახალი სანიაღვრე ქსელი და 20 ერთეული საკონტროლო ჭა და ცხაური.

პეკინის ქუჩასა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება: ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე: პეკინის ქუჩაზე ვაჟა-ფშაველას გამზირიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, 26 მაისის მოედნიდან კოსტავასა და შარტავას ქუჩების გავლით ზურაბ ჟვანიას მოედნის მიმართულებით, კანდელაკის ქუჩაზე ზურაბ ჟვანიას მოედნიდან ნუცუბიძის ქუჩისკენ, ჭაბუკიანის ქუჩაზე სააკაძის მოედნიდან პეკინის ქუჩის მიმართულებით, ტაშკენტის ქუჩაზე ყაზბეგის გამზირიდან კანდელაკის ქუჩის მიმართულებით, იოსებიძისა და ცაგერის ქუჩებზე პეკინის გამზირიდან შარტავას ქუჩისკენ. ანა კალანდაძის ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვლება პეკინის ქუჩიდან შარტავას ქუჩის მიმართულებით. ზურაბ ჟვანიას მოედნიდან პეკინის ქუჩაზე მიმავალი ავტომობილები შეუხვევენ ვაჟა-ფშაველას გამზირზე და პეკინის ქუჩაზე ყაზბეგის გამზირის გავლით მოხვდებიან. კანდელაკის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირზე ჩასვლა შესაძლებელი იქნება იონა ვაკელის ქუჩის გავლით.შეიზღუდება შარტავას ქუჩიდან ჟვანიას მოედნის გავლით კანდელაკის ქუჩაზე. კანდელაკისა და ნუცუბიძის ქუჩებისკენ ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი იქნება პეკინის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით. პეკინიდან კოსტავას ქუჩისა და სააკაძის მოედნის მიმართულებით მოძრაობის გასაგრძელებლად 26 მაისის მოედანზე დაშვებული იქნება მარცხნივ მობრუნება.

ცვლილებები შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემასაც: გმირთა მოედნიდან პეკინის ქუჩის გავლით ბახტრიონის, მიცკევიჩის, კანდელაკის ქუჩებისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს: გმირთა მოედნიდან კოსტავას ქუჩის, სააკაძის მოედნისა და შარტავას ქუჩის გავლით შესაძლებელი იქნება ჟვანიას მოედანზე მოხვედრა, საიდანაც პეკინის ქუჩიდან შეუხვევს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ხოლო ბახტრიონის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებს ბექას ქუჩის, ყაზბეგის გამზირისა და პეკინის ქუჩის გავლით. გაგარინის ქუჩიდან გმირთა მოედნისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი პეკინის ქუჩიდან შეუხვევს ვაჟა-ფშაველას გამზირზე და ბექას ქუჩისა და ყაზბეგის გამზირის გავლით მოხვდება პეკინისა და კოსტავას ქუჩებზე, საიდანაც გააგრძელებს მოძრაობას დადგენილი სქემით. ვახუშტის ხიდიდან საბურთალოსა და გმირთა მოედნისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან ავა სააკაძის მოედანზე, მარჯვნივ მოხვევით გაივლის შარტავას ქუჩას, მობრუნდება ჟვანიას მოედანზე და პეკინის ქუჩიდან შეუხვევს ვაჟა-ფშაველას გამზირზე. ყაზბეგის გამზირიდან პეკინისა და გაგარინის ქუჩებისკენ საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტი გაიივლის ჯერ პეკინის ქუჩას, შემდეგ ანა კალანდაძის ქუჩიდან გაუხვევს შარტავას ქუჩაზე და გაგარინის ქუჩის გავლის შემდეგ მოძრაობას გააგრძელებს დადგენილი სქემით. ყაზბეგის გამზირიდან ვახუშტის ხიდისკენ საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტი ყაზბეგის გამზირიდან გაუხვევს პეკიინის ქუჩაზე, 26 მაისის მოედანზე მობრუნდება მარცხნივ და კოსტავას ქუჩისა და სააკაძის მოედნის გავლის შემდეგ მოძრაობას ვახუშტის ხიდისკენ გააგრძელებს.