2021 წლის რუსთავის ბიუჯეტი

2020-11-24 17:37:41

რუსთავის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიაზე 2021 წლის რუსთავის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

სხდომის მომხსენებელი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ლევან კავთაიშვილი იყო. კავთიაშვილის ინფორმაციით, 2021 წლის რუსთავის ბიუჯეტი, საწყის ეტაპზე, 50 500 500 ლარით განისაზღვრა, თუმცა სამსახურის უფროსის თქმით, თანხა, სავარაუდოდ, დაკორექტირდება და გაიზრდება.

მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტები სკოლამდელი განათლება, ლიფტების რეაბილიტაცია და ჰაერის მართვის გეგმით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება იქნება.

"პირველადი პრიორიტეტია სკოლამდელი განათლება, რომლის ფარგლებშიც ეწყობა და უნდა გაგრძელდეს ინფრასტრუქტურის შექმნა. რუსთავის მასშტაბით, სკოლამდელი ბავშვები აღარ დარჩებიან ბაღებს გარეთ. განათლების პუნქტში გაერთიანებულია სტუდენტების დაფინანსებაც და ჯამში, ამ მიმართულებით გამოყოფილია 11 320 000 ლარი.

ასევე, მოგეხსენებათ, რუსთავში ჰაერის გაუმჯობესების მართვის გეგმა დაგვიმტკიცა მთავრობამ, რომლის ფარგლებშიც გვაქვს ვალდებულებები და ესეც არის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამ კუთხით გათვალისწინებულია 18 000 000 ლარი. გარდა ამისა, რუსთავის მუნიციპალიტეტმა დაიწყო ზრუნვა იმაზე, რომ მომდევნო წლიდან ლიფტების რეაბილიტაცია განხორციელდეს და შესაბამისი თანხა ბიუჯეტშიც ჩაჯდა. პირველ ეტაპზე, საუბარია 200 000 ლარზე", - აცხადებს კავთიაშვილი.

კითხვის საპასუხოდ, მიმდინარე წელთან შედარებით, მომავალი წლის ბიუჯეტი გაზრდილია თუ შემცირებული, კავთიაშვილი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ მას შემდეგ იქნება ცნობილი, რაც ბიუჯეტის პროექტი საბოლოოდ დამტკიცდება.

"2020 წლის ბიუჯეტი, რაც პირველად წარვადგინეთ შარშან ამ დროს, იმასთან მიმართებაში უმნიშვნელოდაა შემცირებული, თუმცა ესაა პირველადი ციფრი, რომელიც დაკორექტირდება, ამიტომ, სანამ არ დამტკიცდება 2021 წლის ბიუჯეტი, ვერ ვიტყვით შემცირებულია თუ გაზრდილი. თუმცა მოლოდინი არის, რომ წინა წლის ბიუჯეტის 1-ელ ვარიანტს გადავაჭარბებთ", - განაცხადა კავთიაშვილმა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელმა გიგა ვეფხვაძემ განაცხადა, კომისიის წევრებს ბიუჯეტის პროექტთან აქვთ გარკვეული შენიშვნები, რომელსაც აუცილებლად გააჟღერებენ საკრებულოს სხდომაზე.

შენიშვნები, ძირითადად, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხის გაზრდას შეეხება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები