"დაზარალებულის სტატუსი ჯერ კიდევ არ მიგვიღია"

2020-11-20 15:53:31

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი 25 წლის ხატია დევსურაშვილის დედა ლიკა სიმონიშვილი "ინფო რუსთავთან" აცხადებს, რომ საქმის გამოძიება ჭიანურდება და ჯერაც არ დამდგარა იმ ტურისტული კომპანიის დამფუძნებლის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლის მეშვეობითაც თბილისი-შატილის ტური განხორციელდა.

ქალი, რომელსაც შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი შვილი გარდაეცვალა, ერთი კი სასწაულებრივად გადაურჩა, აცხადებს, რომ საქმეში ექსპერტიზის დასკვნას უკვე მესამე თვეა ელოდებიან და დაზარალებულის სტატუსი ჯერ არ მიუღიათ.

"მე მინდა პასუხი მივიღო ამ კომპანიისგან, "თრეველერ ჯი" - სგან და მისი დამფუძნებლისგან, შალვა ბოლოთაშვილისგან, რატომ იმგზავრა 16 ადგილიანი მარშუტით 20-მა ადამიანმა მთიან რაიონში, რატომ იმგზავრა ამდენმა ადამიანმა გაუმართავი, ძველი მანქანით, რატომ შექმნა ამ კომპანიამ ყველა პირობა იმისათვის, რომ ეს ტრაგედია დატრიალებულიყო. მძღოლი, რომელიც მართავდა მანქანას, არ იყო ამ ტრანსპორტის მფლობელი,  მან არ იცოდა ამ მანქანის ხასიათი, არ უმგზავრია ამ გზაზე არასდროს, ამ ყველაფერმა კი გამოიღო ეს შედეგი. მე ამ კომპანიის იმედზე ბავშვები გავუშვი და ველოდებოდი სახლში საღსალამათებს, ამხელა უპასუხისმგებლობისთვის უნდა აგონ პასუხი.

გამომძიებელი ყოველთვის გვეუბნება ერთი და იგივე პასუხს, ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. მესამე თვე იწურება, ექსპერტიზის დასკვნა არ გვაქვს ჯერ. თურმე ჩვენ უნდა გვცნონ დაზარალებულად, თურმე ამას ცნობა სჭირდება, რომ მომიკლეს 25 წლის შვილი.

ექსპერტიზის პასუხი ჭიანურდება იმიტომ, რომ ჩალით დახურულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. აქამდე, 17 ადამიანის მკვლელი კომპანია შეჩერებული მაინც უნდა ყოფილიყო მინიმუმ, ჩვეულებრივ აგრძელებენ მუშაობას", - აცხადებს ლიკა სიმონიშვილი.

ინფორმაციისთვის, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. 3 კი მძიმედ დაშავდა. მიკროავტობუსი კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები