პომპეო ზურაბიშვილს და გახარიას შეხვდა [photo]

2020-11-18 11:21:38

ამერიკის სახელმწიფო მდინავი მაიკ პომპეო საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა.

პრეზიდენტთან შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა და გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა.

სახელმწიფო მდივანი პომპეო პრემიერ-მინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე.

პომპეო ახლა საქართველოს პატრიარქს ილია II-ს ხვდება.

პარალელურად სხვადასხვა ლოკაციებზე ოპოზიციურ პარტიების მდუმარე საპროტესტო აქციები მიმდინარეობენ. ისინი ცდილობენ, ამერიკის სახელმწიფო მდივანს ხმა მიაწვდინონ, რომ ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გააყალბა. აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს მელიქიშვილის გამზირზე, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები იმყოგებიან. გზაზე 2 მეტრიანი დაშორებით ვლადიმერ პუტინისა და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერებია დაკრული.

"არჩევნები რუსმა ოლიგარქმა გააყალბა" ამ წარწერით თავისუფლების ხიდზე ბანერი გადმოკიდეს.

პომპეო საქართველოს დღის ბოლოს დატოვებს და ისრაელში გაემგზავრება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები